
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი გადადგა მას შემდეგ, რაც მას მუდმივად აკრიტიკებდნენ სამხედრო მოდერნიზაციისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით.
16 იანვარს ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გადადგომის თხოვნით მიმართა კანცლერ ოლაფ შოლცს. ლამბრეხტის თქმით, „თვეების განმავლობაში ჩემს პიროვნებაზე მედიის ფოკუსი“ ხელს უშლიდა ფაქტობრივ დებატებს შეიარაღებული ძალებისა და გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ.
ლამბრეხტმა, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრია, მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ყოველდღე იღვწის გერმანიის უსაფრთხოებისთვის. ჯერჯერობით არ არის ნათელი, ვინ გახდება მისი მემკვიდრე.
კრისტინე ლამბრეხტი მრავალი თვის განმავლობაში იყო მედიის კრიტიკის საგანი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ბუნდესვერის მიერ შეიარაღების შესყიდვები. ლამბრეხტი თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩაუდგა 2021 წლის ბოლოს, როცა შეიქმნა ე.წ. „შუქნიშნის კოალიცია“. მანამდე მას კანცლერ ანგელა მერკელის უკანასკნელ კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მოგვიანებით ის დამატებით უძღვებოდა ოჯახის საკითხების სამინისტროსაც.