
გერმანიის ბერლინის ფედერალური მიწის პროკურატურა ამოწმებს ბერლინში “რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლის” საქმიანობას, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კანონს და გვერდს უვლიდეს ევროკავშირის სანქციებს.
„რუსული სახლის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ვოლკერ ბეკმა, რომელმაც დაწესებულება ასევე დაადანაშაულა კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში.
პროკურატურის სპიკერმა სებასტიან ბუხნერმა გაზეთ Berliner Zeitung-ს განუცხადა, რომ „რუსული სახლის“ შემოსავალი და გადასახადები შემოწმდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე.
„რუსული სახლის“ მფლობელი სახელმწიფო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“ ევროკავშირის სანქციების სიაშია შეტანილი. შემოწმებას დაექვემდებარება გერმანიაში მოქმედი ყველა ორგანიზაცია და საწარმო, რომელიც თანამშრომლობდა „რუსულ სახლთან“. ასევე შეისწავლიან სანქციების დაცვაზე პასუხისმგებელ ბერილნის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას.
გერმანული სააგენტო LTO წერდა, რომ „რუსულ სახლს“, როგორც სანქცირებული როსსოტრუდნიჩესტვოს რესურსს, არ აქვს უფლება მიიღოს მოგება გერმანიაში „ბილეთების გაყიდვით ან შენობების გაქირავებით“. ამ განცხადების საპასუხოდ, LTO-ს ცნობით, რუსულმა სახელმწიფო მედიაკომპანია RT-იმ სააგენტო დაადანაშაულა „რუსოფობიასა“ და „სააგიტაციო კამპანიის“ წარმართვაში, რომ თითქოსდა „რუსული სახლი“ ცალკე იურიდიული პირია, დამოუკიდებელი როსსოტრუდნიჩესტვოსგან და, შესაბამისად, არ ექვემდებარება სანქციებს. თუმცა, როსოტრუდნიჩესტვოს ვებ-საიტზე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში გახსნილი „რუსული სახლები“ სააგენტოს სტრუქტურული განყოფილებებია.
„რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლი“ ბერლინში 1984 წელს დაარსდა. ეს არის როსსოტრუდნიჩესტვოს უდიდესი წარმომადგენლობა მსოფლიოს 96 ქვეყანას შორის. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებისთანავე ბერლინში მოქმედი „რუსული სახლი“ დროებით დაიხურა, 2022 წლის შემოდგომაზე კი კვლავ დაიწყო საქმიანობა.