მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ მძიმე იარაღით უკრაინის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 24 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრ, ბორის პისტორიუსთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინას ტანკებს მისცემენ. მივესალმები ამ განცხადებებს. ომის ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და თანამედროვე აღჭურვილობა და გავაკეთოთ ეს უფრო სწრაფად. ამიტომ, მივესალმები დღეს ჩვენს დისკუსიას (პისტორიუსთან). განვიხილეთ საბრძოლო ტანკების საკითხები. მოკავშირეებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალს მალე ვიპოვით”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ გერმანია ნატოს ალიანსში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და უკვე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, მათ შორის IRIS-t საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებით.
“დღეს კარგი დისკუსია გვქონდა გერმანულ ტანკებზე. დარწმუნებული ვარ, მალე იქნება გადაწყვეტილება და ასევე მივესალმები მინისტრის ცნობას, რომ ნატოს სხვა წევრებს, რომლებიც ფლობენ Leopard-ის ტანკებს, თავისუფლად შეუძლიათ იმის განსაზღვრა, რომ ტექნიკა გახდეს ხელმისაწვდომი უკრაინისთვის და ასევე დაიწყონ უკრაინელი სამხედროების წვრთნა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს მის შეიარაღებაში არსებული Leopard 2 ტანკები უკრაინას გაუგზავნოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანალენა ბერბოკის თქმით, გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს, თუკი ბერლინი ასეთ მოთხოვნას მიიღებს ვარშავისგან.
პარასკევს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, ნატოს წევრთა თავდაცვის მინისტრებმა და ზოგი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, უკრაინაში ჯერჯერობით არ გაიგზავნოს Leopard 2 ტანკები, რომლებსაც კიევი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც რუსეთს აქვს ხელში ჩაგდებული.
ბერლინი დღემდე უარს ამბობდა სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის პოლონეთისთვის, გერმანული ტანკების ექსპორტის უფლების მიცემაზე. გფრ-ში გაისმოდა შიში, რომ ასეთი მძლავრი იარაღის გაგზავნამ შეიძლება რუსეთის პროვოცირება და ომის კიდევ უფრო ესკალაცია გამოიწვიოს.