ორმა გერმანულმა ორგანიზაციამ, რომლებიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს უწევენ დახმარებას, შაბათს შეაჩერა საქმიანობა. მათ მიზეზად დაასახელეს უსაფრთხოების პრობლემები და ცნობები ადამიანთა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისა და სროლის შესახებ.
გერმანიის საერთაშორისო სამძებრო სამაშველო სამსახურმა (ISAR) და გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალურმა სააგენტომ (THW) განაცხადეს, რომ ისინი განაახლებენ მუშაობას, როგორც კი თურქეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტო (AFAD) ვითარებას შეაფასებს, როგორც უსაფრთხოს.
გერმანიის საერთაშორისო სამძებრო სამაშველო სამსახურის (ISAR) ოპერაციების ხელმძღვანელმა, სტევენ ბაიერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მხრივ, პირობები ოდნავ გაუარესდა კატასტროფის შემდეგი დღეების განმავლობაში და რომ ეს ტიპურია მსგავსი ვითარებისთვის.
“ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ილევა საკვები, ილევა წყლის მარაგი და შემდეგ ხალხი გამოდის საკვებისა და წყლის საშოვნელად”- თქვა მან ქალაქ ქირიხანში, მაშველთა ბანაკში საუბრისას. “მეორე ის არის, რომ იმედი, რომელიც ხალხს ჰქონდა, სულ უფრო ქრება და ეს იმედიც შეიძლება გადაიზარდოს სიბრაზეში”.
ბაიერმა ადრე Reuters-ს განუცხადა, რომ ჯგუფი ამ დროისთვის დარჩება ტექნიკური დახმარების ფედერალურ სააგენტოსთან (THW) საერთო ბანაკში და დასძინა, რომ ორგანიზაციები დაუყოვნებლივ მზად იქნებიან დასახმარებლად, თუ რამე მინიშნება იქნება გადარჩენილების შესახებ.
“სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება სხვადასხვა ჯგუფებს შორის შეტაკებების შესახებ და ამბობენ, რომ სროლის ხმა ისმოდა”, აცნობა გერმანიის საერთაშორისო სამძებრო სამაშველო სამსახურმა (ISAR) Reuters-ს ელექტრონული ფოსტით.
თურქეთის ხელისუფლებას მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში შეტაკებების შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა შაბათს კომენტარი გააკეთა ზოგადი უსაფრთხოების ვითარებაზე და აღნიშნა, რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ მაროდიორობას.
ავსტრიის შეიარაღებული ძალების, სტიქიური უბედურების სამაშველო ქვედანაყოფმა (AFDRU) ასევე მცირე ხნით შეაჩერა ოპერაციები შაბათს და შემდეგ ისევ განაახლა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, მიხაელ ბაუერმა ტვიტერზე დაწერა, რომ თურქეთის არმიამ თავის თავზე აიღო AFDRU-ს კონტინგენტის დაცვა.
ავსტრიის შეიარაღებული ძალების 82-მდე მაშველი 7 თებერვლიდან თურქეთში, ანთაქიაში იმყოფებოდა და მისმა სპეციალისტებმა ნანგრევებიდან ცხრა ადამიანი გამოიყვანეს.
შვეიცარიამ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება უსაფრთხოების ვითარებას ჰატაიში, და რომ უსაფრთხოების ზომები ვითარების შესაბამისად გაიზარდა. შვეიცარიამ სამაშველო ოპერაციაში დასახმარებლად 87 სპეციალისტი და 8 ძაღლი გაგზავნა, რომელთაც ოთხი დღის წინ იქ ჩასვლის შემდეგ იხსნეს 11 ადამიანი, ორი ჩვილი ბავშვის ჩათვლით.