დღეს რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში განთავსებული გემებიდან და თვითმფრინავებიდან ისროლა 55 ფრთოსანი და მართვადი, საავიაციო რაკეტა.
გენერალ ზალუჟნის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 47 ფრთოსანი რაკეტა, 4-დან 3-მა საავიაციო რაკეტამ კი, სამიზნეებამდე ვერ მიაღწია. ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის მიზანი უცვლელია – უკრაინელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დანგრევა, მაგრამ უკრაინელებს ვერ გატეხს.
რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის, ოდესის, ზაპოროჟიეს, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებზე. კიევში დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე რუსული რაკეტა მოხვდა ენერგოობიექტებს, რის გამოც ბევრ რაიონში აამოქმედეს ელექტროენერგიის ე.წ. ავარიული გათიშვის რეჟიმი. სამინისტროს თანახმად, ყველაზე რთული სიტუაციაა კიევის, ოდესის და ვინიცის ოლქებში.
მასირებულ სარაკეტო შეტევამდე, წუხელ, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 24 ირანული “კამიკაძე-დრონი”.