თურქეთი 2022 წლის დეკემბერში საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობით პირველ ადგილზე აღმოჩნდა. წინა წელთან შედარებით ზრდა 468 პროცენტია. ოფიციალური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ასახული.
საქართველოში შემოსული თურქეთის მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური მონაცემები (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით):
- დეკემბერი – 219 756 (ზრდა 468%);
- ნოემბერი – 113 054 (ზრდა 215,9%);
- ოქტომბერი – 90 863 (ზრდა 136,3%);
- სექტემბერი – 90 839 (ზრდა 155,9%).
საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის გამშვებ პუნქტთან დეკემბრის თვეში გრძელი რიგები იყო. მათი დიდი ნაწილი ბათუმიდან სახლში ბრუნდებოდა ე.წ. ტელეფონის ტურიდან – თურქეთში ახალი მოდელის iPhone-ები საქართველოსთან შედარებით გაცილებით ძვირი ღირს – ფასი თითქმის ორმაგია.
გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს მობილურ ტელეფონებზე მოთხოვნა გაზარდა ახალმა რეგულაციამ, რომელიც 2023 წლიდან ამოქმედდა: თურქეთმა გაზარდა საზღვარგარეთიდან თურქეთში ჩატანილი ტელეფონის IMEI-ის რეგისტრაციის საფასური. რეგისტრაციის გარეშე მობილურ კომუნიკაციებზე წვდომა იბლოკება 120 დღის შემდეგ.
iPhone-ის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია 2022 წლის სექტემბერში გაიმართა, საქართველოში მისი გაყიდვა რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში ახალი ტელეფონის შესაძენად გადმოდის.