ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს მოუწოდებს, ისეთი მგრძნობიარე საკითხები, როგორიცაა სამხედრო კუთხით დახმარების გაწევა, პირადად განიხილონ და არა საჯაროდ.
“ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განეხილათ და არა საჯაროდ. ძალიან სენსიტიური დროა, რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და მისთვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წართმევას ცდილობს. კარგად გვესმის მუდმივ სტრესში მყოფი მოსახლეობის”, – განაცხადა დეგნანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის პარტნიორებს სთხოვა, რითაც შეეძლოთ დახმარებოდნენ უკრაინას.
“საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის ჰუმანიტარული, საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხითაც. ყველა ქვეყანას თავად უნდა გადაეწყვიტა, როგორც მათთვის იყო მოსახერხებელი, იმ კონკრეტულ სიტუაციაში დამხარებოდნენ უკრაინას. ყველას კარგად გვესმის საქართველოს ძალიან სენსიტიური მდგომარეობა, ის, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%. ეს არის კონტექსტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას ასეთი საკითხები ასეთი საკითხები პირადად განიხილონ”, – განაცხადა დეგნანმა.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა 19 იანვარს თქვა, რომ უკრაინა საქართველოსგან “ბუკის” საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას ითხოვდა.
მანამდე 9 იანვარს გამოცემა “უკრაინსკა პრავდამ” გამოაქვეყნა სტატია, სადაც კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინა უკან ითხოვდა კომპლექსებს “ბუკი”, რომლებიც საქართველოს გადასცა 2008 წლის ომის დროს და ასევე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს “ჯაველინი”. უკრაინელი დიპლომატის თქმით, აშშ თანახმა იყო, რომ საქართველოს “ჯაველინები” უკრაინისთვის გადაეცა, უფრო ახალი კომპლექსების სანაცვლოდ.
10 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ არის მართალი “ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია”, თითქოს უკრაინამ “ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს.
უწყების ცნობით, “ბუკის” სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს “მრავალმილიონიანი შესყიდვით” მიიღო.
კასიანოვის სტატიაში გამოთქმული მოსაზრება მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლო მცდელობად შეაფასეს.