Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • Home
  • პოლიტიკა
  • დაზიანებულია ზურგის ტვინი – სააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ნეიროქირურგი გამოკითხეს
  • პოლიტიკა

დაზიანებულია ზურგის ტვინი – სააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ნეიროქირურგი გამოკითხეს

NewsGeorgia იანვარი 23, 2023
დაზიანებულია ზურგის ტვინი – სააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ნეიროქირურგი გამოკითხეს



გელა მენთეშაშვილი “თბილისის ცენტრალური ჰოსპიტლის” ნეიროქირურგია. მან, როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა, ცენტრ “ემპათიის” სამედიცინო დასკვნის შედგენაში მიიღო მონაწილეობა. ნეიროქირურგმა მიხეილ სააკაშვილის თავისა და ზურგის ტვინის დაზიანება გამოიკვლია.

სასამართლო სხდომაზე მან მოკლედ შეაჯამა თავისი დასკვნა და თქვა, რომ მისი მოსაზრებები ემყარება მაგნიტო-რეზონანსულ კვლევებს, რომლებმაც კისრის დაზიანებები გამოავლინა.

“დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია სპონდილოგენური მიელოპათია – ეს პირდაპირ მიუთითებს კისრის დონეზე ზურგის ტვინის მექანიკურ დაზიანებაზე. ეს არის ის ცვლილებები, რაც გამოიწვია მექანიკურმა ტრავმამ, დიდი ალბათობით. ეს ინტერპრეტაცია ჩვენი მხრიდან კი ასეა, მაგრამ კვლევაშიც არის დადასტურებული.

დასკვნაში წერია, რომ არსებულ დისკთან, რომელიც კისრის მე-5 მალის დონეზეა, არის მწვავე ანთების და დეგენერაციული ცვლილებები, რაც მიუთითებს არამყარ შესახსრებაზე, რომელიც თავის [მოძრაობის] გარკვეულ პოზიციებზე შესაძლებელია იწვევდეს, ან მომავალშიც გამოიწვიოს უფრო მეტი დაზიანება…”, – განაცხადა ნეიროქირურგმა და აღნიშნა ისიც, რომ ეს დაავადების ისეთი კატეგორიაა, როცა ქირურგიული ჩარევა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ექიმის შეფასებით, ნეიროქირურგიული ჩარევის საჭიროება “მხოლოდ დროის ფაქტორია”.

“თუ არის შესაძლებელი დაზიანების მიღების ზუსტი ხანდაზმულობის დადგენა?” – ჰკითხა ექიმს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა.

გელა მენთეშაშვილის თქმით, თავად პაციენტმა ეს დიაგნოზი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაყვანისას მიღებულ დაზიანებას დაუკავშირა:

“[დაზიანების ხანდაზმულობა] ანამნეზით დგინდება, როგორც წესი. ჩვენ შედეგს ვნახულობთ. იქ, ანამნეზურად, როდის იყო, რამდენი შემთხვევა იყო, როგორ იყო? ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. იმ ჩანაწერებში, რაც ჩვენ განვიხილეთ, იყო, რომ დაკავებამდე პაციენტს ჩივილები არ ჰქონია. მე ეს ვკითხე უშუალოდ, როცა გავესაუბრე. მას კონკრეტული ტრავმის მომენტები არ ახსოვდა, გარდა ერთისა, როცა იძულებით გადაადგილების მომენტი იყო… მე მქონდა უფრო ჩაღრმავების სურვილი, რათა მექანიკური [დაზიანების] მექანიზმი ამეხსნა, თუმცა კონკრეტული დეტალები ვერ გაიხსენა”.

ნიკა აბრამიშვილი: ანუ, ადრე გადატანილ ტრავმებზე, ავარიებზე ინფორმაცია არ მოუწოდებია?

გელა მენთეშაშვილი: არა.

ნიკა აბრამიშვილი: თუ ჩაგიტარებიათ მსგავსი პაციენტისთვის ქირურგიული ოპერაცია?

გელა მენთეშაშვილი: კი, ჩემი პროფესია ეს არის, მე ვფლობ ამ ოპერაციის ტექნიკას.

“რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი მიელოპათიის განვითარების? იქნებ, ოსტეოქონდროზი აქვს? – ჰკითხა ექიმს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ, რაც ცალსახად უარყო ნეიროქირურგმა:

“არა, ოსტეოქონდროზი ვითარდება ქრონიკულად და ეს ძალიან მარტივად დასამტკიცებელია. მაგნიტზე [მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნაში] პირდაპირ წერია, მწვავე, დეგენერაციული ცვლილებები – სპონდილოპათია და სპონდილოგენური მიელოპათია. ეს პირდაპირ, ქვეტექსტად, სამედიცინო ლიტერატურით აიხსნება ასე: მექანიკური ზეწოლა ზურგის ტვინზე. იქ არის დისკი დაძრული, იქ არის აღწერილი ნეიროპათიური უბანი… ასე რომ, აქ რაიმე კითხვის ნიშნები გამორიცხულია”.

ქირურგიული ოპერაციის შესაძლებლობებზე დასმულ კითხვაზე, გელა მენთეშაშვილმა თქვა, რომ პაციენტს პირადად გააცნო დიაგნოზი და აუხსნა თანმდევი რისკები:

“მე ვურჩიე კისრის საფიქსაციო საყელო, ვურჩიე, რომ გაეკონტროლებინა კისრის, თავის მდებარეობა წოლის დროსაც, ბალიშებით ისე, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჰქონოდა თავის მდებარეობა დიდხანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანს გადაადგილების სისუსტე აქვს, შეიძლება ნებისმიერ მომენტში არაფიზიოლოგიური მოძრაობა ჰქონდეს, ეს მაღალ რისკს შეიცავს, რომ კისრის ეს დაზიანება კიდევ უფრო გაღრმავდეს და შეუქცევადი გახდეს. რაც დაზიანებულია, ამას ოპერაციულად ვეღარ გავასწორებთ, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. აქ საუბარია იმაზე, არ მოხდეს ისეთი მოძრაობები და მექანიკურად ისეთი ზეწოლა, რომელმაც, შეიძლება, პაციენტი შეუქცევადად ძალიან დაამძიმოს”.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმის მომდევნო განხილვა 27 იანვარს განახლდება.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა “ვივამედში” მკურნალობს. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

Tags: პოლიტიკა

Continue Reading

Previous: დასმენა როგორც რუსი პატრიოტის ვალი
Next: რუსეთთან ომი და კორუფცია – უკრაინის ბრძოლა ორ ფრონტზე

კავშირშია

უკრაინელი ქალები ომში: უკრაინელი სამხედრო ქალები ოცნებობენ თავისუფლებაზე და გადარჩენისთვის იბრძვიან უკრაინელი ქალები ომში: უკრაინელი სამხედრო ქალები ოცნებობენ თავისუფლებაზე და გადარჩენისთვის იბრძვიან
  • პოლიტიკა

უკრაინელი ქალები ომში: უკრაინელი სამხედრო ქალები ოცნებობენ თავისუფლებაზე და გადარჩენისთვის იბრძვიან

“სატანკო გარღვევა ” – უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს “სატანკო გარღვევა ” – უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს
  • პოლიტიკა

“სატანკო გარღვევა ” – უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს

ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე
  • პოლიტიკა

ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე

საინტერესო

Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა
  • ახალი ამბები

Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა

აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით
  • უცხოური სიახლეები

აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით

სასიკვდილო დარბევა ჯენინში სასიკვდილო დარბევა ჯენინში
  • უცხოური სიახლეები

სასიკვდილო დარბევა ჯენინში

მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით
  • უცხოური სიახლეები

მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით

Davos 2023 Dnipro Germany Greta Thunberg NATO Ukraine war USA Vladimir Putin აშშ ახალი ამბები გაზი როგორც იარაღი გერმანია დნეპრი ევროკავშირი ეკონომიკა ვაგნერი ვიდეო ვლადიმირ პუტინი თურქეთი ინტერვიუ კულტურა მთავარი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ნავთობი ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის ომი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსული ნავთობი საზოგადოება სანქციები სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველო სოლედარი სპორტი ტანკები უკრაინა უკრაინა რუსეთის ომი უკრაინის ომი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.