სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეახებ ცენტრ „ემპათიის” მიერ მომზადებული დასკვნა შეამოწმა. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა, რამდენად სარწმუნოა „ემპათიის” დასკვნა. მინისტრის განცხადებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მიუთითებს, რომ დასკვნა არ არის სარწმუნო და უტყუარი.
„მინდა ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე, კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება. ამასთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს.
სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან.
ჩვენ მივიღეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, 2023 წლის 26 იანვარს, დასკვნა, რაც მოიცავს სამ მიმართულებას: ფსიქიატრიულ, გასტროენტეროლოგიურ და ნევროლოგიურ დიაგნოზებს. თამამად უნდა ითქვას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიურ და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა
ბრეგაძის განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით. „ბუნებრივია, გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავედებისა და მისი შემდგომი მოხდისგან გათვისუფლებასთან დაკავშირებით, – აღნიშნა მან და დაამატა, – მათ შეისწავლეს უშუალოდ დასკვნა, რომელიც მოამზადა ცენტრმა „ემპათიამ“. ექსპერტიზის ბუროს დასკვანი არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, იყოს პერსონალური ხასიათის, რაც შეიძლება, განხილული იყოს სასამართლო პროცესზე”.
ცენტრმა „ემპათიამ” 1 დეკემბერს გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი” მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა “ვივამედში”. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.