ბელარუსში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც ასამართლებენ პოლონურ-ბელარუსული თემის ცნობილ წარმომადგენელს, აქტივისტ ანდჟეი პაჩობუტს – ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის კრიტიკის გამო, მას 12 წლამდე ემუქრება პატიმრობა.
განსასჯელის ოჯახის წევრის თანახმად, 16 იანვარს პროცესზე დაუშვეს რამდენიმე ახლო ნათესავი და აქტივისტი, რამდენიმე პირი კი დერეფანში იცდიდა. მოგვიანებით, პროკურორის თხოვნით, პროცესი დაიხურა და დამსწრეებიც დერეფანში გაიყვანეს.
პაჩობუტი – რომელიც, ამავდროულად, პოლონეთში გამომავალი ავტორიტეტიანი ყოველდღიური გამოცემის, Gazeta Wyborcza-ის კორესპონდენტია – 2021 წლის მარტში დააკავეს, მინსკსა და ვარშავას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც მოჰყვა ლუკაშენკას საწინააღმდეგო გამოსვლების სასტიკად ჩახშობას. აქციებს ბიძგი მისცა 2020 წელს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფი ლუკაშენკა. ბელარუსის ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.