Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • “აზრი აღარ აქვს” – ნატოს გაფართოების ცნობილმა მოწინააღმდეგემ, კისინჯერმა გადაიფიქრა
  • პოლიტიკა

“აზრი აღარ აქვს” – ნატოს გაფართოების ცნობილმა მოწინააღმდეგემ, კისინჯერმა გადაიფიქრა

NewsGeorgia January 18, 2023
“აზრი აღარ აქვს” – ნატოს გაფართოების ცნობილმა მოწინააღმდეგემ, კისინჯერმა გადაიფიქრა



“უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში.… საერთაშორისო ასპარეზზე მათ უნდა ითამაშონ ფინეთის მსგავსი როლი”, – დაწერა აშშ-ის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა 2014 წლის 6 მარტს გამოქვეყნებულ სვეტში.

ამ დროს უკრაინაში უკვე დასრულებული იყო ევრომაიდანი, საპროტესტო გამოსვლები, რომელიც მოჰყვა იმჟამინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უარს, გაეფორმებინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე დაწყებული იყო ომი, 10 დღეში კი ვლადიმირ პუტინი ყირიმს რუსეთად გამოაცხადებს.

უკრაინის “ფინეთიზაცია” (Finlandization), ტერმინი, რომელიც პოლიტოლოგებმა სწორედ კისინჯერის სვეტის შემდეგ აიტაცეს, გულისხმობდა, რომ უკრაინას სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოეცხადებინა, ისევე, როგორც ფინეთმა გააკეთა ეს 1939 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ.

ფინეთმა ნეიტრალიტეტზე უარი 2022 წლის 18 მაისს თქვა და ნატოს წევრობაზე შეიტანა განაცხადი.

იმავე სვეტში, კისინჯერი წერდა, რომ უკრაინამ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფო სუვერენიტეტიცა და ყირიმიც. ევროკავშირში გაწევრიანების უფლებაც კი. უბრალოდ დასავლეთს უნდა ეღიარებინა, რომ რუსეთი უკრაინას ბოლომდე არასდროს დათმობდა, რადგან “უკრაინა მისთვის არასდროს იქნება უბრალოდ უცხო ქვეყანა”.

“ემოციური რუსეთი”

იმავეს ამბობდა კისინჯერი ექვსი წლით ადრეც, როცა საქართველოში რუსული ჯარების შეჭრამდე ერთი თვე რჩებოდა.

მან ივარაუდა, რომ ნატოში საქართველოს და (განსაკუთრებით) უკრაინის მიღება გაზრდიდა დაძაბულობას რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც შემდეგ შეიძლება ომშიც გადაზრდილიყო.

“დასავლეთის უსაფრთხოების სისტემის მდინარე ელბიდან მოსკოვის სიახლოვეს გადატანა… კვლავ აღვიძებს რუსეთის ემოციებს, რაც აისახება ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტაზეც. ეს [ნატოს გაფართოება] დღის წესრიგში უნდა იდგეს, მაგრამ არა ისე, რომ სხვა მიმართულებებით პროგრესს შეუშალოს ხელი”, – წერდა ის.

“აზრი აღარ აქვს“

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჰენრი კისინჯერმა არაერთხელ მოუწოდა უკრაინასაც და რუსეთსაც, მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. 2022 წლის მაისში, დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მან თქვა, რომ თუკი რუსეთი გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან, უკრაინას შეუძლია, “აწარმოოს მოლაპარაკებები ყირიმის სტატუსზე”.

ამას სკეპტიკურად შეხვდა უკრაინა. კისინჯერის წინადადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაცისტურ გერმანიასთან დათმობებზე წასვლას შეადარა.

“მილიონობით ადამიანს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სთავაზობენ, ეს ტერიტორია გაცვალოს მშვიდობის ილუზიაზე”, – თქვა ზელენსკიმ 26 მაისს.

2023 წლის 17 იანვარს, ასევე დავოსში, კისინჯერმა განაცხადა, რომ აღარ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და მას “მისაღები გამოსავალი” უწოდა. რატომ?

“ომამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მეშინოდა, რომ მოხდებოდა ზუსტად ის, რაც ახლა ხდება… ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს”, – თქვა კისინჯერმა.

თუმცა ვეტერანმა დიპლომატმა დაამატა, რომ, მისი აზრით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთს კვლავ უნდა მიეცეს “საერთაშორისო თანამეგობრობაში დაბრუნების” შანსი. “ამან შესაძლოა, რუსეთს უბიძგოს გადაიაზროს თავისი ისტორიული პოზიცია”, – თქვა მან.

ამრიგად, კისინჯერი დაუბრუნდა იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაშინ იგი ნატოს გაფართოებას აქტიურად უჭერდა მხარს. 1994 წელს “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნდა მისი სვეტი, “გააფართოეთ ნატო ახლავე”, სადაც კისინჯერი წერდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწრაფად უნდა გაფართოვდეს. მიზეზად იმას ასახელებდა, რომ “ცენტრალურ ევროპაში გერმანიასა და რუსეთს შორის ვაკუუმის შექმნა დიდი საფრთხის მატარებელია”.

მას შემდეგ, ნატო ხუთჯერ გაფართოვდა და 15 ქვეყანა მიიღო. უკანასკნელად – 2020 წელს ჩრდილოეთი მაკედონია. ალიანსის არც ერთ ქვეყანაში ომი არ დაწყებულა.

Tags: პოლიტიკა

Continue Reading

Previous: პრიგოჟინი ჯილდოებს არ იშურებს უკრაინაში მებრძოლი მკვლელებისა და ქურდებისთვის
Next: ევროკავშირის 12 პირობა: სად ვართ ახლა GRASS-ის შეფასებით?

კავშირშია

რატომ აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის თინეიჯერი შვილები ყურადღების ცენტრში? რატომ აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის თინეიჯერი შვილები ყურადღების ცენტრში?
  • პოლიტიკა

რატომ აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის თინეიჯერი შვილები ყურადღების ცენტრში?

უკრაინა კვლავ ექცევა აშშ-ის პოლიტიკის ფოკუსში. ამჯერად ფსონები უფრო მაღალია უკრაინა კვლავ ექცევა აშშ-ის პოლიტიკის ფოკუსში. ამჯერად ფსონები უფრო მაღალია
  • პოლიტიკა

უკრაინა კვლავ ექცევა აშშ-ის პოლიტიკის ფოკუსში. ამჯერად ფსონები უფრო მაღალია

ფარცხალაძის მემკვიდრეობა ფარცხალაძის მემკვიდრეობა
  • პოლიტიკა

ფარცხალაძის მემკვიდრეობა

საინტერესო

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.