18-მდე გაიზარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მანამდე დადასტურებული იყო 16 ადამიანის, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის სიკვდილი.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.
ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს დილით ჩამოვარდა ქალაქ ბროვარის ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ რამ გამოიწვია ტრაგედია – საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ, თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.