ვის ეკუთვნის დეკლარაციის შევსება?
თუკი 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ანაზღაურება იყო 40 000 ლარზე მეტი, თქვენ ვალდებული ხართ შეავსოთ დეკლარაცია. აუცილებელია, ქონებრივი დეკლარაცია შეივსოს მაშინაც, თუკი ოჯახის შემოსავალი აჭარბებს ამ თანხას.
იგივე წესი ვრცელდება ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე.
როგორ უნდა მიხვდე, გეკუთვნის თუ არა ქონების გადასახადის გადახდა?
თუ თქვენ „ხელზე“ 40 000 ლარზე ნაკლები აიღეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული დეკლარაცია შეავსოთ. წლიურ შემოსავალში იგულისხმება არამხოლოდ ის თანხა, რომელიც თქვენს საბანკო ანგარიშზე დაირიცხა, არამედ ბიუჯეტში გადახდილი თქვენი ხელფასის 20% და საპენსიო გადასახადი 2%.
უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, თუ გასულ წელს, 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით თქვენს ანგარიშზე დაირიცხა დაახლოებით 31 200 ლარი მაინც – თვეში 2600 ლარი.
თქვენი ხელფასი ყველა გადასახადის ჩათვლით ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge): მენიუდან გადახვიდეთ „ზოგად ინფორმაციაში“, შემდეგ კი ნახოთ „პირადი შემოსავალი“. სისტემა საშუალებას გაძლევთ მონაცემები სხვადასხვა პერიოდის მიხედვით მოიძიოთ.
სად უნდა შევავსო დეკლარაცია?
დეკლარაცია ივსება მხოლოდ ელექტრონულად – უნდა დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ პირველივე გვერდზე გამოჩნდება ველი, რომელსაც აწერია „ფიზიკური პირის ქონება“. არჩევის შემდეგ უნდა მოიცადოთ რამდენიმე წამი – მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ „ახალი დეკლარაციის“ შევსება.
დეკლარაციაში ასახეთ რამდენი იყო თქვენი შემოსავალი, 40-დან 100 ათასამდე, თუ უფრო მეტი. ამ ინფორმაციის სწორად შევსება აუცილებელია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული, რა თანხის გადახდა მოგიწევთ.
შემოსავლის შემდეგ ირჩევთ დეკლარაციის ფორმას, „ინდივიდუალურს“ ან „საოჯახოს“, უთითებთ ქონებას.
სისტემა ავტომატურად დაგითვლით გადასახდელი თანხის ოდენობას.
როგორ უნდა მიხვდეთ „საოჯახო“ დეკლარაცია უნდა შეავსოთ თუ „ინდივიდუალური“?
„საოჯახო“ დეკლარაციის შევსების შემთხვევაში იზოგება დრო, თუმცა „ინდივიდუალური“ დეკლარაციის შევსება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომლის ხელფასიც (გადასახადების ჩათვლით) აღემატება 40 000 ლარს.
ვინ ითვლება ოჯახის წევრად?
ნებისმიერ ადამიანი, ვისთან ერთადაც თქვენ ცხოვრობთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება სულაც არ იყოს დედა, მამა, და ან ძმა. შესაძლოა იყოს დეიდაშვილი, სიძე ან მეგობარი.
როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ქონება თანასაკუთრებაა?
თქვენ უნდა მიუთითოთ მხოლოდ ის წილი, რაც საჯარო რეესტრის მიხედვით თქვენ გეკუთვნით.
თუ დეკლარაციის შევსებაზე რამე სხვა კითხვაც გაქვთ, მოგვწერეთ და გიპასუხებთ.