რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება გახდა მიზეზი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში დანიშნული სამიტის გაუქმებისა – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე.
“მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ ჯერჯერობით უბრალოდ არ უნდათ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა” – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში მაინც გაიმართოს.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავაც მძლავრადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რადგან ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. აშშ-ში ამუშავებენ ბუდაპეშტის შესაძლო სანქციებიდან გათიშვის საკითხს, რათა მას დარჩეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობა.
პარალელურად, უნგრეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესმა კომპანია MOL-მა ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის წინ განაცხადა, რომ შეუძლია რუსეთის ნავთობი 80 პროცენტამდე მოცულობით ჩაანაცვლოს სხვა წყაროებიდან მიღებული საწვავით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი.