ტელეგრამის არხები “Можем объяснить” და Astra ირწმუნებიან, რომ დაადგინეს რუსეთის იმ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომლებიც ჩანან უკრაინის მხარეს მებრძოლი “რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” და ლეგიონ “რუსეთის თავისუფლების” მიერ კვირას გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.
“რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” წარმომადგენლები ჩანაწერში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ტყვედ არიან აყვანილნი. ვიდეოში ათამდე სამხედრო ჩანს. სად და რა ვითარებაში მოხდა მათი ტყვედ აყვანა არ კონკრეტდება.
ტელეგრამის არხი “Можем объяснить” წერს, რომ სოციალურ ქსელებში ძებნის სერვისების დახმარებით შეძლო ამოეცნო რამდენიმე ადამიანი ვიდეოში. არხი მათ სახელებს წერს – რომან გომენიუკი, იური მარტინოვი, ალექსეი ხამიცკი, დმიტრი ერმაკოვი. ოთხივე ტყვე, როგორც იუწყებიან, ფსკოვის ოლქიდანაა. მანამდე არხი “Astra” კიდევ ერთ სამხედროზე წერდა, რომ მისი სახელი ალექსეი ბელიაევია.
“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” და “რუსეთის თავისუფლება” კვირას ბელოგოროდის გუბერნატორს სთავაზობდნენ შეხვედრას, მისთვის ტყვეების გადასაცემად. გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი შეხვედრას დათანხმდა, თუმცა არა იმ ადგილას, სადაც სთავაზობდნენ. შეხვედრა არ შედგა. “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” აცხადებდა, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემდა გაცვლის შესაძლო ოპერაციისთვის.
ორშაბათს მოხალისეთა ფორმირებების ტელეგრამის არხებზე გაჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც აცხადებენ, ასახავს კიდევ ორი რუსი სამხედროს ტყვედ აყვანას.
კვირას “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” იუწყებოდა, რომ კვლავ აწარმოებს საომარ მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე, ბელოგოროდის ოლქში. უცნობია სამხედროები ტყვედ ამ ოპერაციის მსვლელობისას თუ იქნენ აყვანილნი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოჩანაწერის შესახებ განცხადებას არ აკეთებს. უწყება ადასტურებს, რომ კვირას უკრაინის ტერიტორიიდან ორი დივერსიული ჯგუფი ცდილობდა ბელოგოროდის არეალში შესვლას, თუმცა ირწმუნება, რომ ჯგუფები გაანადგურეს.
საომარი მოქმედებების პირობებში არ ხერხდება მხარეთა განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება.