გერმანიაში ბევრი გეტყვით, რომ ანალენა ბერბოკმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა, და ადამიანის უფლებები ეკონომიკაზე მაღლა დააყენა. მისი გამინისტრებიდან 16 თვეში, დასრულდა ტრადიცია, რომლის ტყვეობაშიც ბერლინმა ათწლეულები გაატარა. გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებებლზე.
ის პირველი გერმანელი მინისტრი იყო, ვინც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. სულ ოთხჯერ და ერთხელაც ომის დაწყებამდე.
2022 წლის 18 იანვარს, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან უკვე ასი ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი, ბერბოკი კიევიდან პირდაპირ მოსკოვში გაემგზავრა. “ჩვენს საერთო სახლში, ევროპაში, ვერ იქნება მშვიდობა, თუ არ შევთანხმდებით საერთო წესებზე” – უთხრა მან რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს.
ერთობრლივ პრესკონფერენციაზე ლავროვი ომისთვის მზადებას ჯიუტად უარყოფდა და ევროკავშირს “ანტირუსულ პოლიტიკაში” სდებდა ბრალს, ანალენა ბერბოკი კი დიალოგს ითხოვდა.
დიალოგი არ შედგა. პუტინმა ჯერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, შემდეგ კი უკრაინაში შეიჭრა. გერმანიამ კი, საფრანგეთისგან და პოლონეთისგან განსხვავებით, უარი უთხრა უკრაინას იარაღის მიწოდებაზე.
მაგრამ აპრილში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, ანალენა ბერბოკმა გერმანიის კანცლერს უკრაინისთვის ტანკების მიწოდება მოსთხოვა. “ყოველ დღე საშინელებებს ვხედავთ. უკრაინას მძიმე შეიარაღება სჭირდება” – თქვა მან.
ომის დაწყებიდან ნახევარ წელიწადში ანალენა ბერბოკი რუსეთთან მოლაპარაკებების აზრს ვეღარ დაინახავს, რადგან რუსეთი “უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს”. მეტიც, ის აღიარებს, რომ გერმანიამ “რუსეთთან ურთიერთობაში ბევრი შეცდომა დაუშვა”. “ჩვენ არ შევისმინეთ ჩვენი ბალტიელი და აღმოსავლეთევროპელი მეგობრების შიშები” – თქვა მინისტრმა 25 აგვისტოს.
უკანასკნელად ანალენა ბერბოკი უკრაინას იანვარში ეწვია. კიევს ის კვლავ დაპირდა იარაღს, “რათა გათავისუფლდნენ მოქალაქეები, რომლებიც იტანჯებიან რუსული ოკუპაციის საშინელებებისგან”, და მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
თებერვალში, ხანგრძლივი ბიუროკრატიული დროისწელვის შემდეგ, და ომის დაწყებიდან თითქმის 1 წლის თავზე, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას 80-მდე “ლეოპარდის” მოდელის ტანკს გაუგზავნის.
ბატუტზე მტხომელი
დაიბადა 1980 წელს. ბატუტზე მხტომელი ანალენა ბერბოკი სამჯერ იყო გერმანიის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი. სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო სამართალს. 2005 წელს გახდა გერმანიის “მწვანეთა პარტიის” წევრი, იქიდან რვა წელიწადში კი აირჩიეს გერმანიის პარლამენტის, ბუნდესტაგის დეპუტატად.
2021 წლის აპრილში ბერბოკმა გაიმარჯვა “მწვანეთა პარტიის” შიგნით და საპარლამენტო არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატად წარადგინეს. თუმცა მალევე ის პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა – მან პარლამენტს არასრული ინფორმაცია მიაწოდა შემოსავლების შესახებ. შედეგად, “მწვანეთა პარტიამ” ოქტომბრის არჩევნებში მხოლოდ 15%-ზე ნაკლები მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. 41 წლის ბერბოკი საგარეო საქმეთა მინისტრობას დასჯერდა, ვიცე-კანცლერი კი მისი თანაპარტიელი, რობერტ ჰაბეკი გახდა.
გერმანული “დოიჩე ველეს” ჟურნალისტი, გუსტავ გრესელი დარწმუნებულია, რომ ამ გამოცდილებამ ახალგაზრდა ბერბოკი კიდევ უფრო გააძლიერა. “ყველა ვინც პოლიტიკაში ასე მაღლა ავიდა, საკმარისადაა გაკაჟებული” – წერს ის.
მალევე ანალენა ბერბოკმა გერმანიის პირველი კანცლერის, ოტო ფონ ბისმარკის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალა და “გერმანული ერთობის დარბაზი” დაარქვა. ოტო ფონ ბისმარკი გერმანიაში რეალპოლიტიკის ფუძემდებელი იყო. იგი გულისხმობდა პრაგმატულ, რაციონალურ გათვლებზე დაფუძნებულ კურსს, რომელშიც არ არის ადგილი ემოციებისა და ღირებულებებისთვის. ამიტომ ბევრმა გერმანიაში ამას სიმბოლური ჟესტი უწოდა.
2022 წლის მარტში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა “ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია”. ამ სტრატეგიის შეფასებისას ბერბოკმა თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა არა მოლაპარაკებები, არამედ ადამიანების, “თითოეული ინდივიდის თავისუფლების დაცვაა. აქაც და დანარჩენ მსოფლიოშიც”.
შეღავათების გარეშე
თბილისში ანალენა ბერბოკი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნიდან, ჩრდილო მაკედონიიდან ჩამოდის. იქ მან გაიმეორა პირობა, რომ გერმანია აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. თუმცა, ხელისუფლებას ევროკომისიის 12 პირობა აქვს შესასრულებელი და “აქ ვერ მიიღებს გამარტივებულ გზებს, ან შეღავათებს”.
თბილისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს 23 მარტს ეწვევა. ის შეხვდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. არასამთავრობო ორგაბნიზაციებსა და სტუდენტებს. ვიზიტის წინ მან მოკლე შეტყობინება გამოაგზავნა – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ხედავს “მცდელობებს, საქართველომ გადაუხვიოს ევროპულ კურსს”. ანალენა ბერბოკის ამ ფრაზაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა: “აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი”.