ჟურნალისტ ლეილა ცომაიას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ფარგლებში გზის გადაკეტვის საბაბით პატიმრობის შეფარდებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილეს სავარაუდო სამართალდარღვევის 8 ეპიზოდი, ყველა შემთხვევაში მას რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. საქმე ეხება 23, 24, 25, 30 და 31 ოქტომბერსა და 2, 3 და 5 ნოემბერს.
ლეილა ცომაიამ სასამართლო სხდომაზე თქვა:
„გზების გადაკეტვის ბრალდებით შეგვიდგინეთ ეს ოქმები, ხომ? როდესაც სახელმწიფოს ე.წ. ხელისუფლება, უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოებრიობას გვართმევს, თავზე გადაგვახია კონსტიტუცია და შეცვალა სახელმწიფოს პოლიტიკური ვექტორი, კურსი, რისთვისაც ჩვენ 30 წელი ვიბრძოდით, 30 წელი ვიბრძოდი სრულიად ახალგაზრდა, უარი ვთქვი პირად ცხოვრებაზე…
ჩემი მოქმედება არის შედეგი საქართველოს ე.წ. მთავრობის, არალეგიტიმური ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ მოქმედებებზე. არასოდეს შევეგუებით ამ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ყოველთვის გავაპროტესტებთ, ყოველთვის გადავკეტავთ გზებს. არათუ გადავკეტავთ გზებს, ჩვენ გავუკეთებთ უფრო მეტ მობილიზებას. თქვენ იცით, რომ აკუმულირებულია პროტესტი სრულიად ქართველ ერში იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, რასაც ახორციელებს უკანონო, არალეგიტიმური ივანიშვილის ხელისუფლება.
ივანიშვილი უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, ქართველი ერი, ცივილიზებული ერი ვართ და ჩრდილოვანი მმართველი არ უნდა ჰყავდეს სახელმწიფოს. კონსტიტუცია უნდა გვმართავდეს, კონსტიტუცია, რომელსაც თავზე გვახევს… აუცილებლად კვლავ გადავკეტავთ გზას, არ დავემორჩილებით არსებულ რეჟიმს, რომელმაც წაგვართვა სახელმწიფოებრიობა, დააკნინა ქართველი ერი, შემოიღო მთელი რიგი კანონები, განათლების სისტემა დაგვინგრია…“
ლეილა ცომაიას ინტერესების დამცველმა მამუკა იაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ის სანქცირებულია ესტონეთის მიერ.
რაც მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ მიუკერძოებელ და თავისუფალ მოსამართლეზე გავლენას ვერ მოახდენს მით უფრო “სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება”.
დღესვე გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ გიორგი ბალხამიშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.