„უცხოეთის აგენტების“ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე კვლავ მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. სხდომა ოპოზიციის დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
წუხელ კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის გარშემო შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც „აგენტების კანონს“ აპროტესტებდნენ, პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
სხდომის გახსნისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილს საშუალება ექნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბროს. „სამართლებრივ დასკვნებს გამოიტანს გამოძიება“, – თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, „გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლიტიკოსების მიერ აქცია იქნა გადაზრდილი ძალადობაში… გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ყველა ვხედავდით ამას პირდაპირ ეთერში. თუ გსურთ პროტესტის გამოხატვა, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმები. როდესაც გასცდება მშვიდობიან ფორმებს, ვალდებულია შსს ჩაერიოს“.
ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც აქციაზე მძიმე დაზიანება მიიღო, პარლამენტის სხდომაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა. „ალბათ ბევრს გიხარიათ, რომ ნახეთ როგორი სახე მაქვს. საქმის კურსში მინდა ჩაგაყენოთ. არ გაინტერესებთ რა მოხდა?! შემომხედეთ ერთ თვალში მაინც. კოლეგები ხართ და გეტყვით რა მოხდა რეალურად“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგ 30 აპრილს გამართული აქციის დარბევის შემდეგ სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე – მათგან 6 პოლიციელი იყო.