გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა Patriot-ი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა სამშაბათს ევროკავშირის გაფართოებულ სამიტზე.
„მინდა მადლობა გამოვუხატო გერმანიას. ახლახან გადმოგვცეს Patriotის ორი სისტემა და მათ ვითვისებთ,“ თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის არაერთხელ განუცხადებია, რომ Patriot-ები უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა თავი დაიცვას რუსეთის იერიშებისგან. ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრებზე რეგულარულად აყენებს ხოლმე კიევისთვის დამატებითი Patriot-ების გადაცემის საკითხს.
ამასთან, როგორც გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი იტყობინება სამშაბათს, გერმანიას კვლავაც მიზანშეუწონლად მიაჩნია კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა Taurus-ების გადაცემა. ამ პოზიციაზე იყო გერმანიის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი, ამავე აზრისაა ამჟამინდელი კანცლერი ფრიდრიხ მერცი.