აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლაპარაკია “სერიოზულ საფრთხეზე ეროვნული უშიშროებისთვის” . ეს საფრთხე, მედიის ცნობით, უკავშირდება რუსეთს.
რესპუბლიკელი კანონმდებელი, მაიკ ტერნერი ითხოვს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გრიფი “საიდუმლო” მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, საიმისოდ, რომ “კონგრესმა, ადმინისტრაციამ და ჩვენმა მოკავშირეებმა ღიად შეძლონ ამ საფრთხეზე პასუხისთვის საჭირო ნაბიჯების განხილვა”. ტერნერს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა სააგენტო როიტერსი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერნერის განცხადება ეხებოდა მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რომელიც მიემართება რუსეთს და ოპერაციებს კოსმოსში.
ტერნერის განცხადების ფონია კონგრესში მიმდინარე ინტენსიური დებატები იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს აშშ გლობალურ გამოწვევებს რუსეთისგან და სხვა მეტოქეებისგან. კონგრესმენთა ნაწილი თვლის, რომ საჭიროა მეტი გლობალური ჩართულობა, თუმცა ზოგიერთი კანონმდებელი – რომლებიც ხშირად რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეები არიან – მსოფლიო პროცესებთან მიმართებით უპირატესობას ანიჭებს მიდგომას “პირველ რიგში ამერიკა”.