Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • საქართველო
  • „არ მოვინანიებ არასდროს!“ – არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა
  • საქართველო

„არ მოვინანიებ არასდროს!“ – არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა

NewsGeorgia November 5, 2025
„არ მოვინანიებ არასდროს!“ – არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა


არქიმანდრიტი ილია საპატრიარქოში შეხვედრაზე მას შემდეგ მიიხმეს, რაც მან გასულ კვირაში, 29 ოქტომბერს, როცა საპატრიარქოში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დაიბარეს, პატრიარქის მოსაყდრე შიოს „ეგზარქოსი“ უწოდა. ამ წოდებას საქართველოში ატარებდნენ ეკლესიის მეთაურები რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ.

5 ნოემბერს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხელმოწერა ახლავს, ვკითხულობთ, რომ არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედება აეკრძალა ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და „ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე“.

ამავე განცხადების თანახმად, მას მღვდელმოქმედება აეკრძალა იმ დრომდე სანამ ის „არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“.

პატრიარქის ბრძანება, 5 ოქტომბერი

“მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ. მე ერთადერთს გეტყვი ისევ და ისევ, მე განვმტკიცდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი. ეს არის ჩემი პასუხი მეუფე შიოს. არ მოვინანიებ არასდროს. არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ პატრიარქს ვეტყვითო და მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას“. – ამბობდა არქიმანდრიტი ილია ამ განცხადების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ რაც საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრესთან, ქორეპისკოპოსთან და პატრიარქის მდივანთან ნახევარსაათიანი შეხვედრა დატოვა.

საპატრიარქოსთან შეკრებილი მხარდამჭერები, 5 ნოემბერი, 2025 წელი
საპატრიარქოსთან შეკრებილი მხარდამჭერები, 5 ნოემბერი, 2025 წელი

საპატრიარქოდან გამოსულმა არქიმანდრიტმა ჭიშკართან შეკრებილ სასულიერო პირებსა და სხვა გულშემატკივრებს, პროევროპული აქციების მონაწილეებს, უთხრა, რომ მას თავისუფლად ლაპარაკის საშუალება არ მისცეს, შეხვედრიდან კი ფიზიკური შეხებით „გამოაგდო“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

არქიმანდრიტი ილია, რომელიც არქიმანდრიტ დოროთესთან ერთად, ბოლო ერთი წელი, საქართველოში მიმდინარე პროევროპული პროტესტისა და აქციების მხარდამჭერი და მონაწილეა, ამბობს, რომ მისგან შეხვედრის მონაწილეები ერთადერთი სიტყვის – „ვინანიებ“ – თქმას ითხოვდნენ.

არქიმანდრიტი ილია თოლორაია, 5 ნოემბერი, 2025 წელი
არქიმანდრიტი ილია თოლორაია, 5 ნოემბერი, 2025 წელი

შეხვედრიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა ასე აღწერა სიტუაცია, რომელშიც საპატრიარქოს კედლებს მიღმა აღმოჩნდა:

„შევედი ოთახში. ოთახში იყო მეუფე შიო, მეუფე თეოდორე და მამა მიქაელ ბოტკოველი. მეუფე შიომ მითხრა, რომ ჩემი განცხადებები იყო შეურაცხყოფა, რომ თქვენ ეკლესიას და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებთ და იყო ასეთი საუბარი და ეს უნდა მოინანიოო.

თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცდიდნენ, ანუ ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას, მოინანიე და გადი. მე არ გავჩერდი და ვთქვი ასეთი რამ, ის რაც ვთქვი, სიტყვა „ეგზარქოსი“ [მეუფე შიოზე], ამას ავხსნი-მეთქი. ვუთხარი, რომ თქვენგან არ გამიგია ერთი სიტყვა რუსეთზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი არის მტერი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგაზრდებზე, დასისხლიანებულები რომ არიან ქუჩაში, ერთი სიტყვა არ გამიგია თქვენი მათ დასაცავად-მეთქი… ან მოინანიე, ან ზომებს მივიღებთო“.

არქიმანდრიტი ილია ირწმუნება, რომ შეხვედრის მსვლელობისას ოთახში შევიდა ანდრია ჯაღმაიძე და მას ხელის კვრით დაატოვებინა იქაურობა:

„ამ საუბრისას, შემოდის მამა ანდრია, უკნიდან, კარიდან და ასეთი ტონით მეუბნება, რომ გადი გარეთ, შენ და შენ… ბოლომდე არ მალაპარაკეს, ჩემი სიტყვები არ მოისმინეს, გამომაგდეს და გამოსვლის დროს, მოდის მამა ანდრია და მიჯიკავებს ხელით. მე ვუთხარი, ხელს რატომ მირტყამ-მეთქი და უცებ შეცბა, მე ხელით არ გიჯიკავებო… ალბათ უშიშროებაში ისწავლა ეს ტონი. მე ხელი არ მიმიბრუნებია… – თქვა არქიმანდრიტმა ილიამ.

რადიო თავისუფლება წერილობით დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს და 5 ნოემბერს, საპატრიარქოში შეხვედრაზე განვითარებული მოვლენების, მათ შორის, არქიმანდრიტ ილიას მიერ ნახსენები ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ კითხვა დაუსვა.

ანდრია ჯაღმაიძემ მოგვწერა:

ანდრია ჯაღმაიძე
ანდრია ჯაღმაიძე

„რას ნიშნავს „დამიჯიკავა“? განვასახიერო თუ როგორ აგიხსნათ? სთხოვეთ მას, უფრო ზუსტად განასახიეროს. მაპატიეთ, ძალიან არასერიოზულია და მამაკაცისთვის შეუფერებელი ასეთი ინტერპრეტაციები“,– გვიპასუხა მან.

ამ შეხვედრამდე 6 დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ანდრია ჯაღმაიძემ თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც არქიმანდრიტ ილიას განცხადებასა და მის მიერ, მეუფე შიოს „ეგზარქოსად“ მოხსენიებას გამოეხმაურა:

„არცერთ ადგილობრივ ეკლესიაში, საქართველოს არცერთ ეპარქიაში, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადება არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. იმედია, არქიმანდრიტს (სახელი არ მახსოვს) ასევე მოუწევს პასუხის გაცემა ამ განცხადებაზე“.

5 ნოემბერს, საპატრიარქოში შეხვედრაზე, არქიმანდრიტ ილიასთან ერთად შესვლას ითხოვდა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც, რომელიც 29 ოქტომბერს, ილია მეორემ ეპარქიული კომისიის მიმართვის საფუძველზე გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და ის განმწესდა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.

ამის მიზეზად კი დასახელდა „კომისიის უგულებელყოფა, შეურაცხყოფა და [კომისიაზე] კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა“. ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი “ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს” აკეთებს.

29 ოქტომბერს არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოსთან მივიდა და კომისიის სხდომაში მონაწილეობას საჯაროობის უზრუნველყოფის პირობითა და მედიის თანდასწრებით აპირებდა, თუმცა უარის მიღების შემდეგ საპატრიარქოში აღარ შევიდა.

არქიმანდრიტ დოროთეს 5 ნოემბერს, საპატრიარქოში არქიმანდრიტ ილიასთან ერთად შესვლის უფლება საპატრიარქომ და შესაბამისად, საპატრიარქოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.

მას შემდეგ, რაც არქიმანდრიტი ილია შეხვედრაზე მარტო შევიდა, არქიმანდრიტმა დოროთემ რადიო თავისუფლებას უთხრა:

არქიმანდრიტი თეოდორე საპატრიარქოსთან, 5 ნოემბერი, 2025 წელი
არქიმანდრიტი თეოდორე საპატრიარქოსთან, 5 ნოემბერი, 2025 წელი

„გაუგონარია, არქიმანდრიტს არ უშვებდნენ საპატრიარქოში და თან არ უშვებდნენ თავის სულიერ შვილთან ერთად. მე მინდოდა მასთან ერთად შესვლა იმიტომ, რომ საპატრიარქო ვალდებულია, მოძღვართან ერთად შემდგარიყო შეხვედრა. პირიქით, მათ ჩემთვის უნდა მოეთხოვათ პასუხი, რომ თუკი ჩემი სულიერი შვილი ასე საუბრობს, თუკი მათ არ მოსწონთ მისი საუბარი, ჩემთვის უნდა მოეთხოვათ პასუხი, მაგრამ ამათ არც ბერობა იციან, არც მონაზვნობა“.

არქიმანდრიტ დოროთეს სიტყვებით, რაც უფრო მეტად შეეცდებიან მათ დასჯასა და შეწინააღმდეგებას, მით მეტად „იყვირებს მათში ჭეშმარიტება“:

„რასაც აკეთებს „ოცნება“, რომ მოხუც ქალებს, კაცებს, აზას და სხვებს იჭერენ, სწორედ ასეთ აგონიაში არიან ესენიც. „ოცნებასთან“ ერთად ცდილობენ, რომ გააჩუმონ ყველა, ვისაც პროტესტი აქვს იმაზე, რაც საქართველოში და რაც საპატრიარქოში ხდება, როდესაც ერთი ჯგუფის მიერაა დაპყრობილი საპატრიარქო.

მე რასაც ვამბობ, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეს ორი ჯვარი მიკეთია, მე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ქრისტეს შვილი ვარ. ეს ამათ არის, რომ ძალაუფლება და ფული ალაპარაკებთ. მეუფე შიომ ჩაიგდო ხელში მთელი საპატრიარქო, მეუფეც ეგ არის, სინოდიც ეგ არის, პატრიარქიც ეგ არის და ეს კაცი მოქმედებს რუსეთის სასარგებლოდ. ამას ვამბობ მე და ეს გაიმეორა მამა ილიამ… ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმიტომ, რომ ჯვარი გვიკეთია. არა უშავს, წირვა-ლოცვა თავის დროზე ამათ აეკრძალებათ. დააბნელეს საპატრიარქო და ტყვეობაში ჰყავთ პატრიარქი“, – უთხრა არქიმანდრიტმა დოროთემ რადიო თავისუფლებას.

საპატრიარქოს ჭიშკართან შეკრებილები იყვნენ პროევროპული აქციის აქტიური მონაწილეები, მათ შორის იყო მწერალი, პუბლიცისტი და გამომცემელი, ზვიად კვარაცხელიაც, რომელმაც 3 დღე გაატარა იზოლატორში, რადგან მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისთვის.

იზოლატორი ზვიად კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ დატოვა და იმავე საღამოს კვლავ შეუერთდა საპროტესტო აქციას რუსთაველზე.

5 ნოემბერს კი საპატრიარქოსთან არქიმანდრიტ ილიას მხარდასაჭერად მივიდა:

ზვიად კვარაცხელია, 5 ნოემბერი, 2025 წელი
ზვიად კვარაცხელია, 5 ნოემბერი, 2025 წელი

„სასულიერო პირების მიერ გამოხატული სოლიდარობა წინააღმდეგობის მოძრაობისთვის, სოლიდარობა არა მხოლოდ ამბიონიდან გამოხატული, არამედ ფიზიკურად, ხალხის გვერდით დგომით გამაგრებული, არის უმნიშვნელოვანესი ამ პროტესტში.

მამა დოროთე ყურაშვილი და მისი საძმო სწორედ ამას ამტკიცებენ თავიანთი ბრძოლით, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე და პირველ ყოვლისა, ეს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუციებსაც და მათ შორის, თავის სამწყსოს წინაშე უნდა ჰქონდეს ეკლესიას. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. დღევანდელი დღეც იმას ადასტურებს, რომ გაბედვა ამ ბრძოლაში არის უმნიშვნელოვანესი“, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

არქიმანდრიტი თეოდორე ყურაშვილი და მასთან ერთად რამდენიმე სასულიერო პირი, საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან და თავადაც იღებენ მონაწილეობას ამ პროტესტში, რუსთაველის გამზირზე.

5 ნოემბერს, არქიმანდრიტმა თეოდორემ, სანამ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას დატოვებდა, იქ შეკრებილ გულშემატკივრებს შესძახა:

„შევხვდებით რუსთაველზე… ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენთანაა, ღმერთი ჩვენთანაა… ნუ გეშინიათ, დავამარცხებთ ბოროტებას“…

თვის ბოლოს ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში, უმეტესად კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ყოველდღიური პროევროპული აქციები იმართება. ამ ერთი წლის განმავლობაში ათობით ადამიანი გაასამართლეს და დააპატიმრეს სისხლის სამართლის წესით, მათ შორის, ჟურნალისტი ქალი.

ასობით ადამიანი დააჯარიმეს ან დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით. რამდენჯერმე გამკაცრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობებიც განმეორებით ჩადენილ ადმინისტრაციულ დანაშაულზე.

17 ოქტომბრიდან, ანუ კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების ამოქმედების დღიდან მოყოლებული, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეეფარდა ათობით ადამიანს.

ამ წუთებშიც, როდესაც ეს სტატია მზადდება (18:50, 5 ნოემბერი), თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს გზის გადაკეტვისთვის დაკავებულთა სასამართლო სხდომები.

Tags: არქიმანდრიტი ილია აქცია დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი დოროთე ყურაშვილი ეკლესია ილია მეორე მოსაყდრე შიო მღვდელმოქმედება მღვდელმსახურება პროტესტი საზოგადოება საპატრიარქო საქართველო ქორეპისკოპოსი თეოდორესი

Continue Reading

Previous: პოეტ პაატა შამუგიას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
Next: რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა ატომური ცდებისთვის მზადების დაწყების წინადადებით

კავშირშია

„გვაღირსეთ სკოლა“ – ერთი სკოლის მაგალითი, ათასობით მოსწავლის პრობლემა „გვაღირსეთ სკოლა“ – ერთი სკოლის მაგალითი, ათასობით მოსწავლის პრობლემა
  • საქართველო

„გვაღირსეთ სკოლა“ – ერთი სკოლის მაგალითი, ათასობით მოსწავლის პრობლემა

რას უპირებენ მის შვილს? – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის ამბავი რას უპირებენ მის შვილს? – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის ამბავი
  • საქართველო

რას უპირებენ მის შვილს? – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის ამბავი

მინისტრის მოადგილის საქმე: 9 ბრალდება, 8,5 მილიონი გათეთრებული ლარი და 117 მოწმე მინისტრის მოადგილის საქმე: 9 ბრალდება, 8,5 მილიონი გათეთრებული ლარი და 117 მოწმე
  • საქართველო

მინისტრის მოადგილის საქმე: 9 ბრალდება, 8,5 მილიონი გათეთრებული ლარი და 117 მოწმე

საინტერესო

გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა” გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა”
  • ახალი ამბები

გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა”

დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა
  • ახალი ამბები

დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა

მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე
  • ახალი ამბები

მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე

ტრამპმა და ცენტრალური აზიის ლიდერებმა კრიტიკული მინერალების თაობაზე გარიგებას მიაღწიეს ტრამპმა და ცენტრალური აზიის ლიდერებმა კრიტიკული მინერალების თაობაზე გარიგებას მიაღწიეს
  • პოლიტიკა

ტრამპმა და ცენტრალური აზიის ლიდერებმა კრიტიკული მინერალების თაობაზე გარიგებას მიაღწიეს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.