
4 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ შეტაკებებია სუდანის დედაქალაქის, ხარტუმის რამდენიმე არეალში – იუწყებიან ქალაქის მცხოვრებნი. აქტივისტთა შეფასებით, შეტაკებების ესკალაციას სულ მცირე 40 ადამიანი შეეწირა.
სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას, სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 მაისს ამოქმედდა და 3 ივნისს, გვიან ამოიწურა. საუდის არაბეთისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ შეტაკებების ინტენსივობა ოდნავ შეამცირა და შესაძლებელი გახადა შეზღუდული რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა – თუმცა უწინდელი, ანალოგიური შეთანხმებების მსგავსად ისიც ხშირად ირღვეოდა. შეთანხმების გახანგრძლივების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები 2 ივნისს ჩაიშალა.