მოსკოვის ბირჟამ დოლარსა და ევროში ვაჭრობა 13 ივნისს შეწყვიტა. თუმცა, ბირჟის მიღმა, მაგალითად, ბანკებსა და ჯიხურებში ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივად გრძელდება.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის სანქციებს, რომლებიც მოსკოვის ბირჟასთან ერთად დაუწესდათ ნაციონალურ კლირინგულ ცენტრს და ნაციონალურ დეპოზიტარს – ისინი რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავლები იყვნენ.
მოსკოვის ბირჟის მეშვეობით ბანკები, ბიზნესკომპანიები და ინვესტორები ვალუტას – დოლარს, ევროსა და იუანს ყიდულობდნენ და ყიდდნენ. რუბლის გაცვლითი კურსი ყოველდღე სწორედ ამ ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა. ამ ფინანსური სისტემის მოშლით, ახლა რუბლის კურსს მოსკოვის ბირჟის მიღმა გამართული ვაჭრობა დაადგენს.
ეს ნიშნავს, რომ რუბლი კიდევ უფრო ნაკლებად სტაბილური, მისი რყევები კი უფრო საგრძნობი გახდება. ბანკები კარგ ფულს გააკეთებენ გაყიდვასა და ყიდვას შორის დიდ განსხვავებაზე, მოსკოვის ბირჟისთვის კი რუბლის კურსის დადგენის პროცესი გამჭვირვალე აღარ იქნება.
„რუსული ეკონომიკისთვის არაფერი სუპერსაშიში არ მომხდარა. რუბლის კონვერტაცია ამით არ შეწყდება. გასაყიდ და შესასყიდ კურსს შორის სხვაობა გაიზრდება. ბაზარზე ნაკლები ბანკი იქნება, რომლებიც კურსს განსაზღვრავენ და ეს კურსის სიმყიფეს გამოიწვევს. ექსპორტიორებისთვის ნაკლებად მოხერხებული იქნება დოლარის გაყიდვა, იმპორტიორებს კი მისი შეძენა გაუძვირდებათ. ვფიქრობ, კურსის ცვალებადობა ინფლაციასაც გამოიწვევს, ფასების მატებას“, – განაცხდა „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტმა ალექსანდრ კოლიანდრმა. მან ასევე განმარტა, რას ნიშნავს ბირჟის მიღმა ვაჭრობა, – „მსოფლიოში ვალუტით უმეტესად სწორედ ბირჟის მიღმა ვაჭრობენ. თქვენ დოლარს ყიდით, მე ვყიდულობ. ერთმანეთს ვუკავშირდებით და კურსზე თავად ვთანხმდებით. შემდეგ ვატყობინებთ ცენტრალურ ბანკს, რომ მან ამ და სხვა მსგავსი შეთანხმებების მიხედვით ერთიანი კურსი დაადგინოს. ახლა რაღაც დროის განმავლობაში აჟიოტაჟი იქნება, მაგრამ, წესით, უნდა ჩაცხრეს. ექსპორტიორები და იმპორტიორები არსად წასულან. ისინი ერთმანეთში მოილაპარაკებენ. არა მგონია, კურსი რადიკალურად შეიცვალოს“.
ალექსანდრ კოლიანდრი ამბობს, რომ ამ შეზღუდვების მიზანი რუსეთის მოქალაქეებისთვის ცხოვრობის გართულება კი არ იყო, არამედ იმ იმპორტის შეფერხება, რაც რუსეთს ომის გასაგრძელებლად სჭირდება, ასევე ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლის შემცირებაც. „ცა არ დაგვმხობია თავზე, მაგრამ ცოტა უარესობა იქნება“, – ამბობს ის.
ეგნატე შამუგია, კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის მკვლევარიც ფიქრობს, რომ მოსკოვის ბირჟა მნიშვნელოვანია უფრო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ბირჟაზე ვაჭრობდნენ და მისი შეფერხება გლობალურ პრობლემებს არ გამოიწვევს.
„ეს ზღვაში წვეთია რუსეთის ეკონომიკისთვის. არა მგონია, რუსეთის საფინანსო სისტემა ძალიან დააზარალოს. კი იყო აჟიოტაჟი, მაგრამ ეს რუბლის კურსზე მაინც არ ასახულა. საქართველოზე მით უფრო არ აისახება. ზოგადად სანქციებთან მიმართებით გადაჭარბებული მოლოდინი გაჩნდება ხოლმე. სინამდვილეში ასე არ არის“.
რუსეთის ცენტრალური ბანკიც იმავეს ამბობს, მოქალაქეებისთვის დიდად არაფერი იცვლება: ვალუტის გაყიდვა არ იზღუდება, არც უცხოურ ვალუტაში ფულის შენახვა.
როგორც ჩანს, რუსეთი ვალუტის გადაცვლის მოხერხებულ და უსაფრთხო ფინანსურ სისტემას კი კარგავს, მაგრამ ამას ამ ეტაპზე ცოტა ვინმე თუ იგრძნობს.
იმდენად ვალუტის დეფიციტი არ შეიქმნება, რამდენადაც ტრანზაქციები გაძვირდება: ვალუტის გადაცვლა, გადარიცხვა.
აშშ-ის კვალდაკვალ მოსკოვის ბირჟის, ეროვნული საკლირინგო ცენტრისა და გაანგარიშების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც.