
ჩრდილოეთ მაკედონიაში პოლიციამ 10 ეჭვმიტანილი დააკავა ქალაქ კოჩანის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის გამო, რომელსაც 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა კლუბის მფლობელი. BBC პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ დააკავა ღამის კლუბისთვის ლიცენზიის გამცემი ჩინოვნიკებიც.
კლუბში, სადაც ადგილობრივი პოპულარული ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა, ხანძარი 16 მარტს, ადგილობრივი დროით ღამის სამის ნახევრისთვის გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი პიროტექნიკის სროლამ გამოიწვია.
დაიღუპა სულ მცირე 59 და დაშავდა 155 ადამიანი. დაღუპულთა უმრავლესობა 18-20 წლის იყო.
გამოძიების პირველადი შედეგებით, კლუბის ჭერი იოლად აალებადი მასალის იყო, შენობას ჰქონდა მხოლოდ ერთი ღია გასასვლელი და დაცული არ იყო ხანძარსაწინააღმდეგო სხვა ზომებიც.
კლუბში მყოფთა მიერ გადაღებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ ხალხი თავად ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას და შენობის დატოვებას არ ჩქარობდა. მოწმეთა თანახმად, მას შემდეგ, რაც ხანძრის გაძლიერების გამო კლბის დატოვება დაიწყეს, ჭყლეტაც მოხდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებამ ქალაქ კოჩანის ღამის კლუბში მომხდარი ტრაგედიის გამო 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.