ყირიმის დეოკუპაცია შეუძლებელია რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გარეშე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის (ქვედა პალატა) სპიკერმა მარკეტა პეკაროვა ადამოვამ განაცხადა.
“პირველ რიგში, უკრაინას სჭირდება ომის მოგება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ამისკენ. საჭიროა ომის მოგება და შემდეგ შესაძლებელი იქნება ყირიმის ნახევარკუნძულის, ასევე უკრაინის ყველა ტერიტორიის, დეოკუპაცია”,–განაცხადა პეკაროვამ.
ამავე დროს, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, ნახევარკუნძულის განთავისუფლება ექსკლუზიურად სამხედრო საშუალებებით უნდა მოხდეს, თუ არსებობს შესაძლებლობის სივრცე დიპლომატიისთვის.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ჩეხეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს: “როგორც ჩეხი პოლიტიკოსი და ამ სახელმწიფოს წარმომადგენელი, შემიძლია ვთქვა, რომ ჩეხეთი უკრაინასთან იქნება ომის დასრულებამდე. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ომის ბოლომდე.”
ასევე, მარკეტა პეკაროვა ადამოვა თვლის, რომ დასავლეთის რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციაზე 2014 წელს არასაკმარისი იყო და მოსკოვს ეს სისუსტედ შეეძლო აღექვა, რის გამოც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაწყვიტა.
- ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, რამდენჯერმე გაუგზავნა იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინას. თავდაპირველად ჩეხეთმა უკრაინას აჩუქა 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების 4000 საარტილერიო ჭურვი. მოგვიანებით უკრაინამ ჩეხეთისგან მიიღო 8,6 მილიონი დოლარის ღირებულების ტყვიამფრქვევები, ავტომატები, შაშხანები, პისტოლეტები და ტყვია-წამალს.
- მოგვიანებით ნატოს წევრმა ჩეხეთმა უკრაინას უფასოდ გადასცა ათობით Т-72 მოდელის ტანკი და ჯავშანმანქანა, რომელიც ჩეხეთის არმიის საცავებში საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანდაზმულია, როგორც უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ამ მოდელის 30 მოდერნიზებული ტანკი აქტიურად გამოიყენებოდა ჩეხეთში და ახლა უკვე მას უკრაინის დამცველები გამოიყენებენ.
- უკრაინული მედიის თანახმად, ჩეხეთმა უკრაინას „დანას“ კლასის თვითმაველი ჰაუბიცები და ჩეხოსლოვაკიის წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები „გრად“ РМ-70-ებიც, გაუგზავნა