“ახალს” ჯერ წინ აქვს პარტიად რეგისტრაციის პროცედურა, ყრილობის გამართვა და საარჩევნო სიასა და პროგრამაზე მუშაობა, თუმცა უკვე ცნობილია რომ ამ პარტიას ერთი თავმჯდომარე არ ეყოლება – პირველ ეტაპზე მელია და გვარამია თანათავმჯდომარეები იქნებიან.
პოლიტიკური გაერთინების ნომერი – 4 ნარინჯისფერად დაიწერება, რაც ნიკა გვარამიას განმარტებით “დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერია”, სიტყვა „ახალი“ მწვანე ფერის იქნება, რაც “სიახლის, ახალი დასაწყისის ფერია”, ფონად აღებული თეთრი კი გამოხატავს “სისუფთავეს, მოუსყიდაობას და ბედნიერებას.” პარტიის სიმბოლიკაში გამოყენებულია ისრები რაც განიმარტება, როგორც “სწრაფად წინ მოძრაობის სიმბოლო დაპაუზებულ ქვეყანაში.”
ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე მელია ნარინჯისფერი ჰალსტუხით იყო მისული, გვარამია მწვანეთი – შეხვედრის დასრულებისას მათ ჰალსტუხები გაცვალეს.
ნიკა გვარამიაც და ნიკა მელიაც უკვე საუბრობენ ათობით ათას ადამიანზე, რომლის მხარდაჭერის იმედიც აქვთ მომავალ არჩევნებში. გვარამიამ და მელიამ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები თითქმის სამი თვის წინ დაიწყეს – ერთიანი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციაზე მათ თქვეს, რომ მზად არიან უფრო ფართო გაერთიანებისთვისაც, რომლის მიზანიც კოალიციური მთავრობაში დიდი წილით შესვლა იქნება.
„ჩვენ არავის მოგიწოდებთ შემოერთებისკენ, ჩვენ გთავაზობთ გაერთიანებას. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და მე ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამ გაერთიანების შემდეგ შევძლებთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ! “ – თქვა ნიკა გვარამიამ გაერთიანების პრეზენტაციისას.
მას არ დაუკონკრეტებია რომელ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებას ელის ან ისურვებდა. ცნობილია რომ ჯერ კიდევ 2023 წლის მიწურულს “ლელო” იმედით უყურებდა ნიკა მელიას ჯერ არშექმნილ პოლიტიკურ პარტიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, თუმცა ამ დროს თავად მელია ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებლად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას.
“რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ის ტყუილის შესაძლებლობას არ მომცემს. 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი – ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრობისა, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი თუ არა. ვიხელმძღვანელეთ, პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით” – ასე ახსნა ნიკა მელიამ ნიკა გვარამიასთან გაერთიანების გადაწყვეტილება “ახალის” პრეზენტაციისას.
ვინ არიან “ახალის” წევრები?
11 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა სულ ოთხმა ადამიანმა მიმართა საზოგადოებას – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა, გიორგი იმედაშვილმა და გიორგი კირთაძემ, ასევე ყოფილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა და ნოდარ ჩაჩანიძემ, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.
ცნობილია ასევე, რომ ამ გაერთიანების წევრები იქნებიან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატები ანა გოგოლაძე და ნინო კვიტაიშვილი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი გედევან ფოფხაძე, “დემოკრატიის მცველების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ქართლელიშვილი, იურისტი მარიკა არევაძე, ექიმი ანა ქავთარაძე, აქტივისტები ნიკუშა ფარულავა და მარიამ შუშანია – ამ პოლიტიკური გაერთიანების მედიასთან ურთიერთობის საკითხებს ტვ პირველის ყოფილი ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია კურირებს.
კითხვები ბუნდოვანი პასუხებით
გარდა იმისა, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორი იქნება ახალი პოლიტიკური გაერთიანების ხედვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ბუნდოვანია ის კრიტერიუმები, რომლითაც ისინი მოკავშირეეებს შემოიკრებენ ან საკითხები, რაც წითელი ხაზი შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანების საკითხზე მსჯელობისას.
11 მარტს კონკრეტული პასუხი არ გაცემულა დაფინანსების შესახებ კითხვასაც. ნიკა გვარამიამ ამ საკითხზე საუბრისას თქვა, რომ “არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც აინტერესებს შინაარსი და ვისაც უნდა დახმარება იმ პოლიტიკური ძალების, ვის აზრებსაც ისინი ემთხვევიან”, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ აფინანსებს საწყის ეტაპზე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას.
მელიას და გვარამიას პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოუწიათ პასუხი გაეცათ ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის შესახებაც. ცნობილია, ნიკა მელიას პოზიცია მის მიმართ – ის თვლის რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დავით კეზერაშვილი არაფორმალურად მართავს პროცესებს. 11 სექტემბერს მელიამ კეზერაშვილზე საუბრისას თქვა, რომ “მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება და ამაზე არის სრული კონსესენსუსი”, ნიკა გვარამიამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ კეზერაშვილი არ ყოფილა მისი და მელიას განხილვის თემა და ეს არც მომავალში იქნება.
გვარამია-მელიას გაერთიანების შემთხვევაში რთულად სათქმელია ისიც, ვინ არის მათი პოტენციური ამომრჩეველი – მიუხედავად იმისა, რომ ორივე ათიათასობით მხარდამჭერზე საუბრობს, მკაფიო არ არის რა არსებით სიახლეს სთავაზობენ ისინი ამომრჩეველს უკვე არსებული პარტიებისგან განსხვავებულს.