რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით, დრონებით და მართვადი საავიაციო ბომბებით.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 5 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 4 ნოემბრის საღამოდან საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვის აკვატორიიდან ორი მართვადი საავიაციო რაკეტით შეუტიეს ოდესის ოლქს და მართვადი ავიაბომბებით – ხარკოვის ოლქს. რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ორიოლის ოლქებიდან შეტევა იყო 79 დრონით.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, ჩამოაგდეს ორივე რაკეტა და 48 დრონი, კიდევ 30 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკალურად დაიკარგა, ერთი კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმის შედეგად ქალაქის ორ რაიონში ორი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი სახლები.
რუსული დრონებით შეტევის გამო უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 05:00 საათზე გამოცხადდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დილით განაცხადა, რომ მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა კერძო სახლი დააზიანა. არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში უკრაინული დრონებით შეტევა იყო მხოლოდ ბრიანსკის ოლქზე, სადაც 6 აპარატი გაანადგურეს.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.