ნატოს ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე კრემლი ამბობს, რომ თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, მოსკოვი იძულებული იქნება დროული და მკაცრი პასუხი გასცეს მიღებულ გადაწყვეტილებას. მოსკოვში ამბობენ, რომ თუ ალიანსის უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს ეს ნეგატიურ შედეგებს იქონიებს ევროპის უსაფრთხოებაზე.
„თქვენ იცით რუსეთის ფედერაციის აბსოლუტურად მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ექნება ძალიან, ძალიან უარყოფითი შედეგები, ევროპაში უკვე ნახევრად დანგრეულ უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ასევე, ეს იქნება აბსოლუტური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენგან საკმარისად მკაფიო და მტკიცე რეაქციას მოითხოვს“, – ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.
რუსეთმა უკრაინაში ომი გასულ წელს დაიწყო, რასაც კრემლი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. მაშინ კრემლი უსაფრთხოებაზე საუბრობდა თუმცა დასავლეთში მკაფიოდ ამბობდნენ, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ იყო მიზეზი, რის გამოც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ჯერ კიდევ 2022 წელს ომის დაწყებამდე პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიოდ ამბობდა, რომ იმ დროისთვის დღის წესრიგში არ იდგა უკრაინის ალიანსში მიწვევის საკითხი და ჯო ბაიდენი განმარტავდა, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს სხვა ქვეყნის სუვერენული უფლება. თეთრი სახლის პოზიციაა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება რომელ ალიანსში სურს გაწევრიანება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რამდენიმე კვირის წინ მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე არ გახდება ალიანსის წევრი. მისი თქმით, ეს არ მოხდება მანამ სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. სტოლტენბერგის ამ განცხადებას ანალიტიკოსთა ნაწილი მცდარს უწოდებს და ამბობენ, რომ უკრაინის ნატოში მიწვევა მალე უნდა მოხდეს.