
უკრაინის მთავრობაში კრიტიკული უწოდეს რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად კიევში არსებული თავშესაფრების მდგომარეობას.
დღეს, 5 ივნისს, დილით სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა გამოაქვეყნა შემოწმების მეორე დღის შედეგები, რომელთა თანახმად, 1849 თავშესაფრიდან 596(32%) გამოყენებისთვის მზად არ არის, 242(13%) კი, საერთოდ ვერ გააღეს. მინისტრის განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია, რადგან უკვე შემოწმებული თავშესაფრების ნახევარი მზად არ არის. კამიშინის ინფორმაციით, ორ დღეში შემოწმებულია კიევის თავშესაფრების მესამედი.
რევიზია მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ივნისს, რუსეთის სარაკეტო შეტევისგან თავის დასაცავად გაქცეულ მოქალაქეთა ნაწილს დაკეტილი დახვდა კიევის დესნიანსკის რაიონში მდებარე პოლიკლინიკის თავშესაფარი. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.
კიევის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მძიმე შედეგების გამომწვევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. 3 ივნისს, სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა პოლიკლინიკის დარაჯს და შინაპატიმრობა სამედიცინო დაწესებულების დირექტორს, მის მოადგილეს და დესნიანსკის რაიონის ერთ-ერთ ხელმძღვანელს.