
სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
ლელა გიორგაძე თავისუფალი გიდია, თითქმის ყოველ კვირა სტუმრობს სვეტიცხოველს და ჩაჰყავს ტურისტები. ტაძარში წყლის ჩასვლის შესახებ სწორედ მისგან გავრცელდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
„ტურისტები რომ შევიყვანე, წყლის წკაპუნმა მიქცია ყურადღება. გავიხედე და დავინახე სათლები და იატაკის ტილო. ტურისტებმაც შემატყვეს, იმდენად ცუდად გავხდი“.
ისტორიულ ძეგლში, რომელიც ასევე არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმირებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ ამის შესახებ 22 მარტს შეიტყვეს.
„ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, „ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება“.
სვეტიცხოველში წყლის ჩასვლიდან რამდენიმე დღეში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ამ საკითხზე საუბრის დროს ჟურნალისტს უთხრა: „ნუ, ყველაფერი ხდება, შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, ხომ? მუდმივი არაფერი არ არის, ალბათ გააკეთენ და რაღაცა ხარვეზებია“.