გამომცემლობა „სულაკაურის“ ხელმძღვანელი თინათინ მამულაშვილი ჰყვება, რომ კონტრაფაქციული წიგნები მთელ საქართველოში იყიდება. თბილისში – ძირითადად მეტროს ამოსასვლელებში და ბაზრობებზე, იშვიათად – პატარა მაღაზიებშიც.
ასლები შედარებით უხარისხოა – ფურცელი უფრო თხელი აქვს, ფერები – ბაცი, აქა-იქ შესაძლოა ლოგოც ჩამოეჭრას. თუმცა ფასი დიდად არ აკლდება, შეიძლება რამდენიმე ლარით ან სულაც არ განსხვავდებოდეს. მყიდველმა არც იცის, რომ გაყალბებულ წიგნს ყიდულობს – თუ ორიგინალი ნანახი არა აქვს, შესაძლოა ნამდვილისგან ვერ გაარჩიოს. ძალიან ხშირად აყალბებენ საბავშვო წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურას. ასეთი წიგნებია, მაგალითად: „ნუ მოკლავ ჯაფარას“, „ყაჩაღის ასული რონია“, „ბედუინი“…
„გამყალბებლებმა ძალიან კარგად იციან, რომელი წიგნები იყიდება ყველაზე კარგად და მაშინვე აკეთებენ ასლებს. გამყიდველები ამბობენ, რომ სხვებმა ჩააბარეს და ვერ მიხვდნენ, ყალბი თუ იყო. სინამდვილეში, მშვენივრად იციან. ერთგვარი მაფიაა“, – ამბობს თინათინ მამულაშვილი.
გამომცემლობაში ბაზრობებზე ნანახი ასლები გროვად უწყვიათ. ხშირად ანადგურებენ კიდეც. ყოველკვირა „სულაკაურის“ თანამშრომლები ქუჩა-ქუჩა დადიან და თუ ყალბ წიგნებს წააწყდნენ, გაყიდვიდან იღებენ. თუმცა ამბობენ, რომ ორი იმდენი მაინც დახლს ქვევით რჩება.
„მე რა ვიცი, რომ ყალბია?“
ბაზრობაზე „სულაკაურის“ გამომცემლობის თანამშრომელს რადიო თავისუფლებაც გაჰყვა.
თბილისში, ვაგზლის ბაზრობაზე, ტანსაცმლის, ხილისა და საოჯახო ნივთებს შორის წიგნების რამდენიმე დახლია. ორი-სამი კუსტარულად დაბეჭდილი წიგნი თითქმის ყველა დახლზე აღმოჩნდა, თან ეს მხოლოდ ერთი გამომცემლობის წიგნებია.
„მე რა ვიცოდი, რომ ყალბი იყო, – ამბობს გამყიდველი, – მოაქვთ და მაბარებენ, მე როგორ უნდა გავარჩიო?!”
მეორე დახლზე ქალი სამ გაყალბებულ წიგნს იღებს და გამომცემლობის წარმომადგენელს ჰპირდება, დავხევო.
„მე ოჯახებიდან ვიბარებ, მეორადი წიგნებია. ფული მიცემული მაქვს უკვე ამ წიგნებისთვის. არ ვიცი ყალბი თუა. თუ როგორმე მოაგვარებენ ამ პრობლემას, ძალიან კარგი იქნება“.
კიდევ ერთი გამყიდველი ამბობს, რომ მას ყალბი არაფერი აქვს. „ვარჩევ, რომელია ყალბი და ნამდვილი და არ ვიბარებ. რად მინდა, სახლში ხომ არ წავიღებ წასაკითხად?!”
საშიში წიგნები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 50-მდე გამომცემლობას აერთიანებს. ასოციაციის ერთ-ერთი მისია საავტორო უფლებების დაცვის ხელშეწყობაა. მისი აღმასრულებელი დირექტორი დალი ბაგრატიონ-გრუზინსკი ამბობს, რომ კონტრაფაქციული წიგნების პრობლემა ყველა გამომცემლობას აქვს და გამყალბებლებმა კარგად იციან, როგორ დააღწიონ თავი პასუხისმგებლობას – წიგნებს მცირე ტირაჟით, სხვადასხვა სტამბაში ბეჭდავენ.
„ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენად უსაფრთხოა ეს უხარისხო წიგნები ბავშვებისთვის“, – ამბობს დალი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა კანონის აღსრულების პრობლემა უფრო დგას, ვიდრე თავად კანონის.
ყალბი ასლების გავრცელება ისჯება როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის წესით. სასჯელი დამოკიდებულია გავრცელების მასშტაბზე. გამომცემლობას სასამართლოს ძალით შეუძლია ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვოს.
კანონის აღსრულება ევალება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ხოლო თუ გაყალბებული წიგნებიდან მიღებული შემოსავალი 5 ათას ლარზე მეტია – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
რადიო თავისუფლების კითხვაზე ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოავლინეს კონტრაფაქციული წიგნების გაყიდვის რამდენიმე შემთხვევა. მასალები გადაიგზავნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში, რომელმაც გამყიდველებს ყალბი წიგნები ჩამოართვა და ჯარიმებიც გამოწერა.
საგამოძიებო სამსახური ირწმუნება, რომ ყურადღების მიღმა არცერთი განცხადება არ რჩება. თუმცა გამომცემლობები ისევ ჩივიან, რომ ბაზარი ძველებურად კონტრაფაქციული წიგნებითაა გაჯერებული.
„იგივე პრობლემა იყო თურქეთშიც. ახლა იქ სამინისტრო ჰოლოგრამულ სტიკერებს ურიგებს გამომცემლებს, აქციზივითაა. ამ სტიკერებს აკრავენ და ასე არჩევენ ორიგინალს ყალბისგან. ეს სტიკერი თავად გამომცემლობამ რომ დაამზადოს, წიგნს ძალიან გააძვირებს“, – ამბობს თინათინ მამულაშვილი.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გეგმავს სექტემბრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით გამომცემლობების შეხვედრა მოეწყოს და კიდევ ერთხელ, ერთობლივად იფიქრონ გამოსავალზე.