
გასული ღამე შედარებით მშვიდი იყო საფრანგეთში, რომელიც 27 ივნისიდან მოიცვა პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობით გამოწვეულმა მასობრივმა არეულობებმა და ძალადობამ.
ფრანგული მედიასაშუალებების ცნობით, წუხელ პოლიციელებმა დააკავეს არეულობების 78 მონაწილე, რაც გაცილებით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით, როცა ყოველდღიურად ასეულობით პირს აკავებდნენ.
პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის ბიჭის, ნაელის ბებია ნადიამ 2 ივლისს ტელეკომპანია BFM TV-ს განუცხადა, რომ მისი შვილიშვილი მასობრივი არეულობების საბაბად გამოიყენეს და მონაწილეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს, პოლიციელმა მოკლა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი, სახელად ნაელი, რომელიც ავტომობილს მართავდა და არ დაემორჩილა მოთხოვნას გაჩერების შესახებ. მას პარიზის გარეუბან ნანტერში საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა.
პოლიციელი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი იყო არა ბიჭის მკვლელობა, არამედ შეჩერება და ქუჩაში შექმნილი საფრთხის აღკვეთა.
საპროტესტო აქციები მალევე გადაიზარდა მასობრივ არეულობასა და ძალადობაში, რომელშიც ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. საფრანგეთის ქალაქებში დამწვარი, დაზიანებული, ან გაძარცვულია ასეულობით შენობა და ავტომანქანა, განადგურებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. არაერთი შეტაკება მოხდა არეულობების მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის.
შექმნილი ვითარების გამო, ქვეყანაში მობილიზებულია 45 000 პოლიციელი. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო. მან დაგმო გაუმართლებელი ძალადობა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა ყველას, ვინც სიტუაციას მასობრივი არეულობებისთვის იყენებს. დღეს, 3 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდება პარლამენტის დეპუტატებს და ყველაზე მეტად დაზარალებული 220-ზე მეტი ქალაქის მერებს.