პოლიციამ დაკავებულების სასამართლოში მიყვანა დაახლოებით 14:00 საათისთვის დაიწყო. მათ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები იცავენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დღეს 29 დაკავებულის საქმე განიხილება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა აქვს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ დაკავებულებმა სამართალდარღვევა ჩაიდინეს. შსს-ს მოწმეები, არა დაკავების შემსწრე ნეიტრალური ადამიანები, არამედ ამავე უწყების თანამშრომლები – პოლიციელები არიან.
„სასამართლო იქცა სადამსჯელო მექანიზმად. ამ დროს სასამართლო სჭირდებათ მუხტის შესაკავებლად რეპრესიების გასატარებლად“, – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ პარლამენტთან გამართული აქციის 43 მონაწილე დააკავა, მათ შორის ჟურნალისტები. მათგან რამდენიმე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეუწყვეტიათ.
პოლიციამ 107 ადამიანი დააკავა 29-30 ნოემბრის ღამეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათი საქმეები ჯერ სასამართლოსთვის არ გაუგზავნიათ. შსს-ს ამისთვის 48-საათიანი დრო აქვს – ამ დროს დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში – პატიმრობაში ატარებენ.
28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მოლაპარაკებებს აჩერებენ 2028 წლამდე.
აქციების დასაშლელად პოლიცია იყენებს წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის. დემონსტრანტებზე პოლიცია დაკავების დროს ძალადობს. აქციის მონაწილეები აქციების დაშლაში მონაწილე პოლიციელებს საღებავებსა და სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვნახეთ პოლიციის „ცალკეული ინციდენტები“ და მომიტინგეების „სისტემური ძალადობა“.