პროექტის ამსახველი ფოტომასალა თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა თავისი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა მინაწერით:
“ვაშენებთ, ხომ არ ვანგრევთ! ახალი პროექტი ყოფილი რესტორანი “არაგვის” ტერიტორიაზე! მერიაში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა …. როგორც ჩანს არჩევნებამდე უნდა მოესწროს თბილისის ისტორიული ზონის დასამარება!”.
48 497 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიის მფლობელი კომპანია “სითი ცენტრია”. პროექტის ავტორია არქიტექტორი, გიორგი ხმალაძე.
განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია რეკრეაციულია და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მდებარეობს. პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ესკიზებზე დაყრდნობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ხუთი მრავალსართულიანი შენობიდან ორი, ამ შენობების მეზობლად მდებარე 31-სართულიან King David-ზე მაღალია.
“სითი ცენტრის” დირექტორმა აკაკი სონღულიამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ პროექტი მერიაში რამდენიმე დღის წინ შეიტანა, თუმცა უწყებიდან პასუხი ჯერ არ დაუბრუნებიათ.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ რადგან ტერიტორია თბილისის ისტორიულ არეალშია გეგმარებითი დავალების პროექტი ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს.
“ამ ეტაპზე თბილისის მერიას გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირებული არა აქვს”, – უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში.
პროექტის მოწონების შემთხვევაში, საკრებულომ ამ ადგილას განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა დაამტკიცოს.
რა ვიცით შპს “სითი ცენტრზე”
კომპანია “სითი ცენტრი” საჯარო რეესტრში 2009 წელს დარეგისტრირდა. დირექტორი აკაკი სონღულია და პარტია “ქართული ოცნების” შემწირველია. მან მმართველ პარტიას 60 000 ლარი გასული წლის 27 დეკემბერს შეწირა. 2014 წელს კი – 20 000 ლარი გადაურიცხა.
“სითი ცენტრის” 100%-იანი წილის მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია “სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი” (SOFITSA HOLDINGS LIMITED).
თავის ხმრივ, ბიზნესმენ რომან ფიფიას კომპანიაში “ლოიალ კაპიტალ გრუპში” bm.ge-ს 2019 წელს უთხრეს, რომ “სითი ცენტრი” მათი ჰოლდინგის ნაწილია.
რომან ფიფიას კომპანია ყოფილი რესტორან “არაგვის” ტერიტორიაზე თავდაპირველად სასტუმრო “ჰაიატის” აშენებდა, რომელიც 2011-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ 2014 წლამდე გადაიწია. არსებული ინფორმაციით, მესაკუთრეს მშენებლობის ვადის გახანგრძლივება აღარ მოუთხოვია. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი 2015 წელს გამოცემა “ვერსიასთან” ამბობდა, რომ მშენებლობა აგვისტოს ომის ცნობილი მოვლენების შემდეგ ვეღარ გააგრძელეს.
შემდეგ “ლოიალ კაპიტალ გრუპმა” ახალი პროექტი მოამზადა და მერიას დასამტკიცებლად თავიდან წარუდგინა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, მინდია გადაევი ამბობდა, რომ 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებულ მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმრო, საცხოვრებელი ფართები და ფინანსური ცენტრი უნდა მოწყობილიყო. თბილისის მერიის მხარდაჭერა ამ პროექტმა ვერ მოიპოვა.