საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მაიდანის მოწყობას ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველო იანუკოვიჩის უკრაინა არ არისო.
ოპოზიცია და პოლიტიკის ექსპერტები კი პირიქით, დარწმუნებული არიან, რომ თუ რამე ამსგავსებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებას უკრაინის მაიდანთან, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების ქცევაა, მათ შორის, იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც, უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების მსგავსად და ორივე შემთხვევაში საპირისპიროს მტკიცებით, შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.
28-29 ნოემბერს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს რამდენიმე პოსტი მიუძღვნა ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა, რომელმაც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი პარალელი გაავლო უკრაინის მაიდანის მოვლენებთან:
„ქართველი ოპოზიციონერები ხუთშაბათს შეიკრიბნენ საპროტესტო აქციებზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს წყვეტს 2028 წლამდე. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში“. <…> „ეს ხომ მაიდანის პირდაპირი რიმეიკია. Cut and paste. ნუთუ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?“ <…> „სად არის ქართველი ხალხი? მან ხომ სწორი არჩევანი გააკეთა. სად არის თქვენი комбали?“
ცოტა ხნით ადრე მაიდანის მოწყობის მცდელობაზე ილაპარაკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც 22 ნოემბერს, თბილისში ევროპელი დეპუტატების სტუმრობის თაობაზე გაკეთებულ კომენტარში განაცხადა:
„ჩვენ ვხედავთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე – ესენი არიან აგრესიული ადამიანები. რვა დეპუტატი რომ გვესტუმრა და პარლამენტის წინ აქციებს გვიმართავდა და იქ რომ მოუწოდეს ოპოზიციას, „მაიდნის“ სცენარზე გადასულიყვნენ, იმ დღიდან რადიკალური ჯგუფები გადაიქცნენ ექსტრემისტულ ჯგუფებად. დავინახეთ ეს ჩვენ შემდეგ დღეებში“.
მაიდანი და “ოცნება”
2024 წლის 29 აპრილს თბილისში გამართულ მასშტაბურ მიტინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავის საპროგრამო სიტყვაში, რომელიც საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას, განაცხადა:
„დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო ენჯეოებისა და ნაციონალების ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია“.
ივანიშვილის მიერ ნახსენები „იანუკოვიჩი“ უკრაინის ექსპრეზიდენტი და „მაიდნის“ მთავარი ანტიგმირი, ვიქტორ იანუკოვიჩია, რომელმაც რუსეთში გაქცევით უშველა თავს. დეპუტატმა რომან გოცირიძემ შენიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2024 წ. 30 აპრილს, ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, რომ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი, ლუკაშენკა ვარ და მაიდანი არ გამოგივათო.
„მე არ ვარ შევარდნაძე, მე არ ვარ სააკაშვილი, სხვა რეჟიმი ვარ, სხვა ძალები გვაქვს, იანუკოვიჩი არ ვარო, იძახდა. იანუკოვიჩი მაიდანმა დაამხო, მაგრამ ის თავის თავს აიგივებს პუტინის ზურგით მომაგრებულ ლუკაშენკოსთან, მაგრამ ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო, საქართველო არ არის ბელარუსი“, – რომან გოცირიძე
ბიძინა ივანიშვილის ამ გამოსვლის შემდეგ არ დარჩენილა „ქართული ოცნების“ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ლიდერი, რომელსაც თავის გამოსვლაში ამა თუ იმ ფორმით მაიდანი არ უხსენებია.
- ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი:
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ“;
„რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. ყველას მინდა ვუთხრა, რომ „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები…“
ირაკლი კობახიძე არაფერს ამბობს მაიდნის მიზეზებზე, რომლებიც ინსპირირებული იყო უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმით. აი, რას ამბობდნენ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, მიკოლა აზაროვი, ვიდრე საბოლოოდ იტყოდნენ უარს ხელშეკრულების გაფორმებაზე:
ვიქტორ იანუკოვიჩი – „ასოცირების შეთანხმების გარეშე ჩვენ ევროკავშირში ვერ ვიქნებით. შეთანხმებაში ჩადებულია 610 მილიონი ევრო ტექნიკური დახმარების სახით, რომელიც 2010 წლიდან იწყება და სამი წელი გრძელდება. ჩვენ გვაჩვენეს ეს კანფეტი ლამაზ შეფუთვაში და გვითხრეს: “თქვენ ამ თანხას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელს მოაწერთ შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან”. არ მინდა უხეშად გამოვიდეს, მაგრამ არაა საჭირო ჩვენი ასეთი შეურაცხყოფა. ჩვენ სერიოზული ქვეყანა ვართ, ევროპული. ფონდი ითხოვს კომუნალური გადასახადების გაზრდას მოსახლეობისთვის, ხელფასებისა და პენსიების გაყინვას და ა.შ. გვთავაზობთ, რომ ამას დავემორჩილოთ? მე ამაზე არ წავალ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ უკრაინა ეკონომიკურად გახდეს უფრო მძლავრი. ჩვენ ყველა ვიმუშავებთ იმაზე, რომ ადამიანებმა წლიდან წლამდე უკეთ იცხოვრონ“.
მიკოლა აზაროვი – „ასოციაციის ხელშეკრულებაში ნახსენებიც კი არაა უკრაინის ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ამ ჩანაწერის მიღწევას ორი წლის განმავლობაში ვცდილობდით, რაზეც კატეგორიული უარი გვითხრეს. და კიდევ, თითქოს, როგორც კი ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას, დაუყოვნებლივ ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, რაც ასე არ არის. ჩვენ ასევე გვეუბნებიან, მიიღეთ კანონი სექსუალური უმცირესობების თანასწორობაზეო. ეს ერთგვარად შეფარულად, შენიღბულად მოგვაწოდეს“.
ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთში გაქცევის შემდეგ კიდევ ერთხელ, 2014 წლის 28 ნოემბერს, განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე.
მიზეზები ჰგავს „ქართული ოცნების“ ლიდერთა არგუმენტებს. იანუკოვიჩი ამტკიცებდა ორ რამეს:
პირველი – ევროკავშირში შესვლა უკრაინას ეკონომიკურად დააზარალებდა: „ჩვენ ეტაპობრივად ვზრდიდით ხელფასებსა და პენსიებს, ვახდენდით ქვეყნის რეფორმირებას, ვუახლოვდებოდით ევროპულ სტანდარტებს, ვემზადებოდით ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, მაგრამ პარლამენტში განხილვისას აღმოჩნდა, რომ ამ შეთანხმებების არსებული სახით გაფორმება გამოიწვევდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებს. <…> არავისთვის იყო საიდუმლო, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს ათჯერ ნაკლები საბიუჯეტო სუბსიდიები აქვთ, ვიდრე მათ ევროპელ კოლეგებს, რომლებისთვისაც 100%-ით იხსნებოდა უკრაინის სამომხმარებლო ბაზარი. უკრაინელი ფერმერები კონკურენციას ვერ გაუძლებდნენ და მოუწევდათ საკუთარი სამომხმარებლო ბაზრის დატოვება. რუსეთმა გაგვაფრთხილა, თუ ევროკავშირთან შეთანხმებას მოვაწერდით ხელს, ის დაიცავდა თავის ბაზარს და, რეექსპორტისგან თავის დაზღვევის მიზნით, გაზრდიდა საბაჟო გადასახადებს უკრაინიდან შეტანილ ნაწარმზე. ამგვარად, აგროინდუსტრიულ კომპლექსში მოქმედი უკრაინული საწარმოებისთვის გაჩერების რეალური საფრთხე იქმნებოდა, რაც ნიშნავდა სამუშაო ადგილების კატასტროფულ დაკარგვას 7-8 მილიონი ადამიანისთვის, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარია“.
მეორე – უკრაინის მთავრობას უარი კი არ უთქვამს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, არამედ მოითხოვა პაუზა: „ჩვენ რეალურად სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ევროკავშირელი პარტნიორებისათვის შეგვეთავაზებინა პაუზა. იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. ამ ვარიანტით შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ შეესაბამებოდა უკრაინის ეროვნულ ინტერესებს“.
„ქართული ოცნების“ ლიდერებიც ფაქტობრივად იმავეს ამტკიცებენ:
პირველი – ევროკავშირში შესვლა საქართველოს შეუქმნის ეკონომიკურ პრობლემებს:
„თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, ჩვენ, იცით, რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც ჩინეთთან, ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ის წევრ ქვეყნებთან. ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. <…> ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. უვიზო მიმოსვლის გაუქმება, იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? <…> იმიტომ რომ საქართველო იქნება შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შეხვალ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ვერ შემოვუშვებთ საქართველოში. <…> დღეს რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა“. – შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
მეორე – „საქართველოს მთავრობა უარს კი არა ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, არამედ იღებს ერთგვარ პაუზას 2028 წლამდე:
„ჩვენი ერთგულება ევროპული კურსისადმი არის ურყევი. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგული, ძალიან მკაფიოდ ითქვა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ 2030 წლისათვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი. <…> ჩვენი ეს გადაწყვეტილება არათუ ხელს არ შეუშლის ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციას“. – ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების პასუხად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა:
„საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო“.
ირაკლი კობახიძემ ასევე დაასახელა ნაბიჯები, რომლებსაც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გადადგამს იმისათვის, რომ არ დაირღვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და 2030 წლისათვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი:
„ასოცირების გზამკვლევი არის მთავარი დღის წესრიგი და, ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის მთავარი გზამკვლევი. 78 მუხლი გვაკისრებს ამ ვალდებულებების შესრულებას. ყველა პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმას“.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, ევროკავშირში მიღების პროცესი არ ცნობს ე.წ. პაუზის გამოცხადებას, რადგან წევრობის კანდიდატობა არის ეტაპი, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს წევრობის გზაზე. თუ კანდიდატობის პროცესს აჩერებ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ აჩერებ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის თქმით, „ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების წარმოება, გაწევრიანების შეთანხმების დადება, წევრობა. მხოლოდ ამათი თანმიმდევრობა განასახიერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და, ეს პროცესი შეჩერებულია“.
2015 წელს დეკემბერში საქართველოში მყოფმა ცნობილმა პოლონელმა დისიდენტმა, ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ადამ მიხნიკმა პუტინის მთავარ შიშებს შორის მაიდანიც დაასახელა:
„პუტინის შავი სიზმარია მაიდანი წითელ მოედანზე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, ეს არის ის, რომ რაც შეიძლება შორს გადაწიოს ეს საფრთხე. ამიტომ, პუტინი არასდროს მიესალმება თავისუფლებას მსოფლიოში“.
საქართველოში რომ თავისუფლების სული ტრიალებდეს, ვლადიმირ პუტინი არ მიესალმებოდა „ოცნების“ პოლიტიკას და, შესაბამისად, არ გააკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა 28 ნოემბერს გაავრცელეს.
„როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, გულახდილად გითხრათ, მე გაოცებით ვუყურებდი და ვადევნებდი თვალს ამ ყველაფერს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს, არავითარი. მაგრამ მე უბრალოდ გამაკვირვა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც მათ გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი“.
https://gdb.rferl.org/478d647d-d2a6-427c-9ca6-710f754967d1_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90/33220654.html