სომხური “ამერიაბანკის“ 3.4 მილიარდი დოლარის აქტივების შეძენის შესახებ საქართველოს ბანკის ჯგუფმა [BOGG] 19 თებერვალს განაცხადა. Უცნობია, ზუსტად როდის დაიწყო გარიგებაზე მოლაპარაკებები, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწრაფი პროცესი:
“[2023 წლის] ზაფხულის ბოლოსთვის უკვე მოლაპარაკებული ვიყავით, თუმცა მოწინავე, დიდი ბანკის ყიდვა მარტივი პროცესი არ არის…ჩვენი მთავარი მრჩეველი [ამ პროცესში] JP Morgan [ საქართველოს ბანკის ერთ-ერთი აქციონერი – რ.თ.] იყო.“ – ამბობს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე 21 თებერვალს BMG-თვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც კი ლონდონის საფონდო ბირჟამ ეს გარიგება „დაინახა“ საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 45.5 ფუნტამდე გაიზარდა.
„განაცხადი [ბანკის შესყიდვაზე] ბირჟამ ძალიან კარგად მიიღო, რადგან ყველას ესმის რამხელა პლიუსია როცა მოწინავე ბანკს ყიდულობ და კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიით შეგიძლია მისი სერვისები გააძლიერო”.- ამბობს გაჩეჩილაძე.
“ამერიაბანკი” სომხეთის უმსხვილესი ბანკია საკრედიტო პორტფელით და ხოლო დეპოზიტებით – მეორე ადგილზეა. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით ანაბრები 6 მილიარდ ლარს აჭარბებდა. 1992 წელს დაფუძნებული ბანკის ძირითადი აქტივები სომხეთშია, ამჟამად კომერციულ ბანკს 1812 თანამშრომელი, 419 ათასი მომხმარებელი და ქვეყაში 26 ფილიალი აქვს.
“სომხეთის მთავრობა პირდაპირ ჩართული არ არის ამ პროცესებში, მაგრამ ვიცი რომ მთავრობას საქართველოს ბანკი ურჩევნია რომელიმე რუსული ბანკს მაგალითად VTB ან სხვა “ამერიკაბანკზე” კონტროლი რომ დაამყაროს. ეს ხდება უმთავრესად იმისთვის, რომ ფაშინიანს ესმის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის საჭიროება. ვფიქრობ, ეს დროილი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბრიტანული HSBC სომხეთიდან გავიდა. ვფიქრობ, რუსეთის შესვლისგან სომხურ საბანკო სისტემაში თავიდან რომ აეცილებინათ, საქართველო მისაღები მყიდველი იყო”, – ამბობს რეგიონული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი რიჩარდ გირაგოსიანი.
სომხეთის ეკონომიკა დაახლოებით საქართველოს ზომისაა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 19.5 მილიარდი დოლარი, ხოლო მოსახლეობა 3 მლნ იყო. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზომა დაახლოებით 6.6 ათასი დოლარი გამოდის. 2013-2022 წლებში სომხეთის ეკონომიკის ზრდის საშუალო დონემ 4.2% შეადგინა, მას ოდნავ უსწრებს საქართველო.
ამ პერიოდში ქვეყანამ აზერბაიჯანთან მძიმე ომიც გამოიარა, რის შედეგად კონტროლი დაკარგა მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში და მის გარშემო.
გეოპოლიტიკურ გამოწვევებს Საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორიც ახსენებს, თუმცა ისიც ხაზს უსვამს გარიგების დადებით მხარეებს, მაგალითას იმას, რომ “ სომხეთი ეკონომიკის სტრუქტურით საქართველოსას ძალიან ჰგავს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ერთიდაიგივე გვაქვს. “ამერიაბანკი” იქ საუკეთესოდ ითვლება, საუკეთესო ბრენდი ადგილზე. კითხვაც იყო იმაზე შეიცვლებოდა თუ არა სახელი, მაგრამ სახელისთვის ხელის ხლება ნამდვილად არ შეიძლება, რადგან სომხეთში ის ხარისხთან ასოცირდება… არსებობს გეოპოლიტიკური გამოწვევები [სომხეთში], თუმცა ამის იქით ეკონომიკა ძალიან საინტერესოა”,- ამბობს გაჩეჩილაძე.
საქართველოს მსგავსად რუსეთ-უკრაინის ომის გამო სომხეთს მიგრანტების ტალღა მიაწყდა. 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა საქართველოზე მეტად 12.6-ით გაიზარდა. სომხეთს საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა შარშანაც და მთლიანი შიდა პროდუქტი 8.7%-ით გაფართოვდა.
“სომხური ბანკის გამოცალკევება მისი ეკონომიკისგან და თუ გნებავთ ქვეყნის პოლიტიკისგანაც ძნელია. თან სომხურ კონტექსტში მნიშვნელოვანი ბანკია. აქ გათვლა მხოლოდ იმაზე ვერ იქნებოდა ეს ბანკი რამდენად მომგებიანია, არამედ იმაზეც რომ სომხეთი როგორც ქვეყანა სწორ გზას ადგას და პერსპექტიულია. მათ შორის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პერსპექტივებიც პოზიტიურია. ამავე დროს გავრცელებულია დაშვება რომ სომხეთი რუსეთის ორბიტიდან მოხსნას ცდილობს”, – ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი.
„ამერიაბანკის“ აქციონერები არიან:
1. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვთარების ბანკი EBRD – 17,71%
2. აზიის განვითარების ბანკი ADB 13.92%
3. ESPS Holding Limited – 12,05%
4. Afeyan Foundation for Armenia Inc. – 7,5%
5. Imast Group – 48.82%
„ამერიაბანკის„ უმსხვილესი მეწილე Imast Group, პოლიტიკოსსა და მილიარდერ ბიზნესმენ რუბენ ვარდანიანს ეკუთნის.
ის მთიანი მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი იყო. ვარდანიანი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გასული წლის შემოდგომაზე დააკავა, მას შემდედ რაც 2023 წლის 19 სექტემბერს კონტროლი დაამყარა მთიან ყარბაღზე.
“რუსეთის საფონდო ბირჟის მამად” წოდებული ვარდანიანის ქონება Forbes-ს 1.1 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული. სხვა პოსტსაბჭოთა ბიზნესმენების მსგავსად მანაც ქონება რუსეთში, პრივატიზაციის ქაოსში დააგროვა.
ვარდანიანი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ფლობდა საინვესტიციო ბანკსა და აქტივების მართვის კომპანიას “ტროიკა დიალოგი” რომელიც შემდეგ რუსეთის ყველაზე მსხვილმა სახელმწიფო ბანკმა Sberbank-მა 1.4 მილიარდ დოლარად იყიდა. საინვესტიციო ბანკის გარდა ვარდანიანს არაერთ რუსულ კერძო თუ სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოში ეკავა თანამდებობა. მათ შორის , „როსგოსტრახში“ – რუსეთის უდიდეს სადაზღვევო კომპანიაში, „კამაზში“, შერემეტიევოს აეროპორტში.
2021 წელს ვარდანიანი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სომხეთში ბრუნდება. უკვე 2022 წელს კი ყარაბაღში გადადის და დე ფაქტო პრეზიდენტისგან არაიკ არუთუნიანისგან შესთავაზებას იღებს ე.წ. სახელმწიფო მინისტრის იგივე პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. ვარდანიანი შარშან სექტემბერში ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
“რუბენ ვარდანიანს ბანკის შესაძლო გაყიდვასთან საერთო არაფერი აქვს”, – ციტირებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური მესროპ არაკელიანს, სომხეთის ოპოზიციის წევრს, რომელიც ვარდანიანის გარემოცვის წევრად ითვლება. მისივე თქმით, ბანკის გაყიდვაზე მოლაპარაკებები BOGG-თან ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, თუმცა არ ამბობს რა პოზიცია ჰქონდა მაშინ ამაზე ყველაზე მსხვილ მეწილეს.
შარშან ვარდანიანი ამბობდა, რომ „ამერიაბანკის“ აქციონერი კი არის, მაგრამ ბანკში გადაწყვეტილებების მიღებაზე, გავლენა არ აქვს.
“ვარდანიანი ბანკის პირდაპირი მეწილე არ არის. მისი 48.82% მმართველობაში Imast Group-ს აქვს გადაცემული. თან არ მგონია ვარდანიანის პირდაპირი ჩართვა საერთოდ საჭირო იყოს შესყიდვის პროცესის დასასრულებლად. ამას გარდა, ბანკის გაყიდვაზე მოლაპარაკებები თითქმის ორი წლის წინ დაიწყო და დარწმუნებული ვარ ბატონ ვარდანიანს თანხმობა გაცემული ექნება”, – ამბობს სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური სწავლების ცენტრის ანალიტიკოსი ჰაიკაზ ფანიან და ამატებს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა შეიძლება გარიგება ჩაშალოს არ არსებობს.
რიჩარდ გირაგოსიანი კი ამბობს, რომ კანონით გაყიდვაზე თანხმობის გაცემა ვარდანინანის ცოლს ვერონიკა ხონაბენდსაც შეუძლია. მისივე თქმით, შიდა წყაროების ინფორმაციით, სომხეთის ცენტრალური ბანკი არ აპირებს “ამერიაბანკის’ გაყიდვას ხელი შეუშალოს.
BOGG -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მელ კარვილი ამ გარიგების შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომის მქონე ქვეყანაში შესვლით საქათველოს ბანკისთვის ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ის წერს, რომ ბანკს პროფესიონალი და გამოცდილი მენეჯერების გუნდი ჰყავს და შესყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ ისინი თანამდებობეზე დარჩებიან.
“როცა საქმე ამ ტიპის გარიგებებთან გვაქვს, მომხმარებლის დაკარგვის რისკი შეიძლება გაჩნდეს, თუმცა თუ “ამერიაბანკი” ოპერირებას იგივე ბრენდით გააგრძელებს და მენეჯმენტსაც შეინარჩუნებს, კლიენტების კუთხით დიდი დანაკარგის საშიშროებას ვერ ვხედავ. უკვე გაცხადებულია მსგავს ცვლილებებს არ გეგმავენ”, – ამბობს სომეხი ეკონომისტი ფანიანი.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი შესყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ “ამერიაბანკში” 10%-იანი წილის დაიტოვებს თუმცა როგორც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, უკვე შეთანხმებულია, რომ სამი წლის მერე EBRD გავა.
გარიგება დასასრულებდად BOGG-ის მრავალრიცხოვან აქციონერთა და სომხეთის ეროვნული ბანკის თანხმობაა საჭირო. აქციონერთა კრება 14 მარტს არის ჩანიშნული და მოსალოდნელია, რომ გარიგება პირველივე კვარტალში დასრულდება.