სუროგატული ალკოჰოლური სასმელ “მისტერ სიდრით” მოწამლული ადამიანების რიცხვი რუსეთში 106 ადამიანამდე გაიზარდა. 36 მათგანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ განაცხადა.
მურაშკოს ინფორმაციით, საავადმყოფოებში 19 დაზარალებული რჩება. აღნიშნული სასმლით ივნისის დასაწყისში რუსეთის რამდენიმე რეგიონში ათობით ადამიანი მოიწამლა, რის შედეგადაც, სახელმწიფო სააგენტო „როსპოტრებნადზორმა“ გასცა განკარგულება მიმოქცევიდან „მისტერ სიდრის” ამოღების შესახებ.
სასმელს სამარას კომპანია “ანდი” აწარმოებს. როგორც “როსპოტრებნადზორის” ულიანოვსკის დეპარტამენტი იტყობინება, ალკოჰოლი გაიყიდა მისი წარმოშობის, ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. გამოძიების ფარგლებში კომპანიის დამფუძნებელი, 32 წლის ანარ ჰუსეინოვი ორი თვით დააკავეს. დაკითხვის დროს მან რუსეთის მოქალაქეთა მასობრივ მოწამვლას “უბედური შემთხვევა” უწოდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა “მისტერ სიდრის” შემადგენლობაში აღმოაჩინეს მეთანოლის და ეთილბუტირატის მინარევები პროპორციებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.