
რუსეთში წვევამდელთა მინიმალური ასაკი 21 წლამდე არ გაიზრდება. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა.
ამასთან, წვევამდელთა ასაკის ზედა ზღვარი 27-დან 30 წლამდე გაიზრდება. შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი 18-დან 30 წლამდე იქნება. შესაბამის ცვლილებას კომიტეტმა დაუჭირა მხარი, – დასძინა დეპუტატმა.
“მთავარი ცვლილება ისაა, რომ ზედა ზღვარი არის 30 წელი. გადაწყდა, რომ ქვედა ზღვარი 18 წელი დაეტოვებინათ, ვინაიდან ბევრ ბიჭს სწორედ 18 წლის ასაკში სურს სამხედრო სამსახურის დაწყება“, – ციტირებს კარტაპოლოვს “ინტერფაქსი”.
დეპუტატის თქმით, ახალი ნორმები 2024 წლიდან ამოქმედდება.
სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის 18-27 წლიდან 21-30 წლამდე გაზრდის წინადადება 2022 წლის დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააყენა. ინიციატივას მხარი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაუჭირა. მაისში წინადადებას მიემხრო მთავრობაც.
ივნისში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი გაწვევის ასაკის ეტაპობრივი ზრდის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს 2026 წლამდე.
ივლისში დეპუტატებმა მიიღეს კანონი სამობილიზაციო რეზერვში მყოფი მოქალაქეების ასაკის გაზრდის შესახებ – 65 წლამდე უფროსი ოფიცრის წოდების მქონე მოქალაქეებისთვის, 60 წლამდე უმცროსი ოფიცრებისთვის და 55 წლამდე სხვა წოდების მქონეებისთვის.
ომი წელიწადზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე ფრთხილი შეფასებითაც კი, ორივე მხრიდან დაიღუპა ათიათასობით ჯარისკაცი, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.