რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობათ საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე.