რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმ მძიმე ტექნიკის მისაღებად ემზადება, რომელსაც ჯერჯერობით კვლავ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყენებს.
„გრძელდება სამზადისი „ვაგნერის“ კუთვნილი მძიმე ტექნიკის რუსეთის მოქმედი შეიარაღებული ძალებისთვის გადასაცემად“, – ამის შესახებ 27 ივნისს რუსეთის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”.
26 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ 23-24 ივნისს, ამბოხების მცდელობის დროს, „ვაგნერის“ ჯგუფის „ბოევიკების, სავარაუდოდ,” “მზაკვრულად გამოყენებას” შეეცადნენ.
ამავე დროს, პუტინმა მადლობა გადაუხადა დაქირავებულებს, რომლებმაც “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს” და “ბოლო ზღვარზე შეჩერდნენ.” მან შესთავაზა მეამბოხეებს, რომ ან ხელი მოაწერონ კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში ან წავიდნენ ბელარუსში.
რუსეთის ლიდერს ჯგუფის განკარგულებაში არსებული სამხედრო ტექნიკის ბედზე არაფერი უთქვამს.
პუტინი მიიჩნევს, რომ ამბოხების შეჩერებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის მოსახლეობის პატრიოტულმა განწყობამ, მთელი საზოგადოების კონსოლიდაციამ. მან დადებითად მოიხსენია ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, “მისი ძალისხმევისთვის და წვლილისთვის ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტაში”.