რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ თავისი შეხვედრა სომხეთის და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერებთან, მჰერ გრიგორიანთან და შაჰინ მუსტაფაევთან მომავალ კვირას გაიმართება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ მოლაპარაკების შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერების კვლავ შეხვედრა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ოვერჩუკმა უპასუხა: როგორც გადაწყვეტენო.
ოვერჩუკის სიტყვებით, ვიცე-პრემიერების შეხვედრის დროს, კერძოდ, განიხილავენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის წესებს. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას „ერთნაირად ესმის, როგორ უნდა მოხდეს „განბლოკვა“.
ოვერჩუკის თქმით, ახლა საუბარი მიდის ტექნიკურ დეტალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის საზღვრების გადაკვეთას, სასაზღვრო, საბაჟო და კონტროლის სხვა ფორმების დადგენას.
25 მაისს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც კრემლში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ერთობლივი განცხადების და რაიმე დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე დასრულდა.