
მომავალი წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა რამდენიმე გადაცემა, მათ შორის დაიხურა “ტელესკოლა”, რომელიც პანდემიის დროს როგორც საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ახალ ბიუჯეტზე მორგება 10 დღეში უნდა მოესწროთ, დაფინანსების შემცირების შესახებ კანონის დაჩქარებულად მიღების გამო.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრმა არხის მენეჯმენტი 21 დეკემბერს სხდომაზე მიიწვია იმის ასახსნელად, როგორ შეარჩიეს ის პროგრამები, რომელიც 2024 წლიდან აღარ უნდა გაგრძელდეს, ფულის დაზოგვის გამო. დირექტორის თქმით, ახალმა კანონმა მომავალი წლის ბიუჯეტი 6,6 მილიონით 91,8 მილიონიდან 85,2 მილიონ ლარამდე შეამცირა.
“როგორ მოხდა ისე, რომ ნაკლებად პოპულარული და ძვირიანი გადაცემები დარჩა ბადეში და გადაცემები, რომლებსაც გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, დაიხურა”, – იკითხა ლიკა ბასილაიამ, სამეურვეო საბჭოში პარლამენტიდან ე.წ. ოპოზიციის კვოტით არჩეულმა წევრმა.
რა ჯდებოდა გადაცემები, რომელიც 2024 წლიდან ეთერში აღარ გავა:
- ტელესკოლა – 1 179 781 ლარი;
- „დღის კოდი“ – 461 096 ლარი;
- „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ – 131 432 ლარი;
- „ფერმა“ – 155 486 ლარი;
- „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ – 55 000 ლარი;
- „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ – 143 194 ლარი;
- „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“ (ანგარიშში თანხა არ წერია);
- „კაცები PLAY“ – 275 000 ლარი.
ახალი კანონის მიხედვით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აღარ გაიზრდება. პირიქით, 2026 წელს იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მომავალი ორი წლის განმავლობაში. იმ წელს 106 მილიონის ნაცვლად 71 მილიონს მიიღებს.
“უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა 10 დღე და გადავწყვიტეთ ისე, როგორც გადავწყვიტეთ. ჩვენ, პრაქტიკულად, სხვა გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გვქონდა. მე არ ვაპირებ აქ იმის თქმას, რომელი გადაცემა რომელს სჯობდა. ყველა გადაცემა, რომელზეც საუბრობთ ჩემი, ჩვენი მენეჯმენტის დროს გაიხსნა, დაფრთიანდა და ძალიან მოგვწონდა”, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილავდა არხის ხარჯებს.
არხის დირექტორი ამბობს, რომ შემცირებული ბიუჯეტის გამო ყველა outsource კომპანიას (გარე წარმოების) შეუცვალეს კონტრაქტის პირობები: ზოგთან შეწყდა კიდეც, “დანარჩენებთან დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკება. მინიმუმ შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტი ყველას უნახევრდება ან პატარავდება”.
“ყველას ძალიან მოგვწონდა ეს პროექტი [ტელესკოლა], მაგრამ ყველაზე დიდი თანხა იქედან გამოთავისუფლდა. ტექნიკური თანხაა – სატელიტის და ანძის, დაახლოებით მილიონი ლარი…” – თქვა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე დაიხურა ყველა ის გადაცემა, რომელიც LIVE-რეჟიმში არ გადიოდა – “ვათავისუფლდებით მივლინების ხარჯს, რომელიც საკმაოდ მსხვილია. რა თქმა უნდა, ადამიანები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ა.შ. დავიტოვეთ LIVE-გადაცემები მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები [პროგრამული პრიორიტეტები], მათ [ამ გადაცემების] გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით”.
თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ კანონის შეცვლამდე, მომავალი წლის ბიუჯეტი ისე ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არხს უნდა დამატებოდა სერიალები და გადაცემები. პარლამენტის დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ მათი გეგმები შეცვალა – “თანხის კლება ნიშნავდა გადაცემების დახურვას, ჩვენ სხვა საოპერაციო ხარჯი არ გვაქვს”.
“როცა საუბარია დიდბიუჯეტიან გადაცემებზე – ერთ-ერთია “წიგნების თარო”. გადაგვირჩა იმის გამო, რომ 2024 სასწავლო წელს რაც გავა, ის უკვე ჩაწერილია და მისი “კემბრიჯის პრიზით” უკვე ხარჯი გაწეულია”, – დამატებით თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გადაცემებიდან არხზე დარჩება “მასტერ შეფი”, რადგან “იღებს თანხას, ტოვებს მოგებას”, თუმცა საფრთხის წინაშე დგას სერიალი. არხის მედიის დირექტორი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბიუჯეტის შემცირებამდე იყო დაგეგმილი შუადღის გადაცემის “დღის კოდის” ფორმატის შეცვლა, რომელიც “დიდი ჯგუფია” და “მსუყე ბიუჯეტი აქვს”.
“ძალიან მძიმე დღეებს გავდივარ და ძალიან რთულია. ეს გადაცემები სხვას არ გაუხსნია, ჩვენ გავხსენით და რომ მოგვწონდა იმიტომ იყო ეთერში და კიდევ დიდ ხანს იქნებოდა. ამას მოწმობს წინა ბიუჯეტი, რომელშიც ეს გადაცემები ჩასმული იყო – განვითარებასა და ოდნავ ფორმატის შეცვლაზე ვმუშაობდით”, – ამბობს რუსუდან მანჯგალაძე.
მისი თქმით, არხზე არსებული სამი მუსიკალური პროექტიდან იხურება ერთ-ერთი ძვირადღირებული გადაცემა “ნატალიასთან და დათუნასთან”. მომავალ წელს მისი ბიუჯეტი 700 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, საიდანაც 400 ათასი მუსიკოსების ჰონორარია.
“რანინას” უკვე კონკურსია ჩატარებული, ბავშვები შერჩეული და საბავშვო მეტი არხზე არ გვაქვს. “რანინა” დავტოვეთ, მაგრამ 10 ეპიზოდია – გამოდის, რომ არხზე არცერთი მუსიკალური გადაცემა არ გვაქვს. ამ პრინციპით დავტოვეთ “აკუსტიკა”, რადგან ერთი მუსიკალური გადაცემა მაინც გვქონოდა და ამ არხის ბრენდი”, – ასე განმარტა მუსიკალურ გადაცემებზე მიღებული გადაწყვეტილება მან.
მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი ახალი წლიდან უნდა ამოქმდდეს, ორი კვირით ადრე, 14 დეკემბერს კი სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტს დაუმტკიცა წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი. მასში არ იყო დეტალურად ახსნილი, რის ხარჯზე დაიზოგება მომავალი წლიდან თანხა.
15 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ წყარომ აცნობა, რომ მაუწყებელზე იხურებოდა რამდენიმე პოპულარული გადაცემა. მათ შორის “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”, რომლის წარმოებაც არხს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე სხვა გადაცემები.