
თბილისსა და სხვა ქალაქებში რისკჯგუფებისთვის დღეს, 16 ოქტომბერს, დაიწყო გრიპის უფასო ვაქცინაცია. სახელმწიფოს ნაყიდი აქვს Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდი) წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა INFLUVAC-ი.
“გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტურობა – განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარე გრიპის რისკის მქონე ჯგუფებში. ვაქცინაულრი ვირუსისა და სეზონის მანძილზე მოცირკულირე გრიპის ვირუსთა თანხვედრისას ავად გახდომის რისკი საგრძნობლად დაბალია, ხოლო მძიმე გართულებების და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი – უმნიშვნელო”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
უფასო ვაქცინაცია გათვალისწინებულია შემდეგი ჯგუფებისთვის:
- დიაბეტის მქონე პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
- აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
- ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
- 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
- ორსულები;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
- ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
- სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.
“გრიპის ვაქცინაცია დასაშვებია ნებისმიერ დროს – ვაქცინის ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით, თუმცა მისი ეფექტურობა მატულობს ვაქცინაციის შემოდგომაზე, გრიპის ვირუსების აქტიური ცირკულაციის დაწყებამდე ჩატარებისას”, – აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.