რადიო თავისუფლება ბოლო 6 თვეა ცდილობს, გაარკვიოს, დაისაჯა თუ არა რომელიმე პოლიციელი აქციის დაშლის დროს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის გამო. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და არც შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
გუშინ, 28-29 ნოემბრის ღამეს, შენიღბულმა პოლიციელებმა, რომელთა იდენტიფიცირებაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, კიდევ ერთხელ იძალადეს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე. რამდენიმე მათგანის კლინიკაში გადაყვანაც გახდა საჭირო.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულის გასახსნელად სჭირდება დაადგინოს, ვინ არის მოძალადე პოლიციელი. ევროპულ ქვეყნებში თითოეულ სამართალდამცავს, რომელიც აქციის დაშლაში მონაწილეობს, აქვს ინდივიდუალური ნომერი, რომელიც დატანილია სპეციალური აღჭურვილობის სხვადასხვა ნაწილზე.
საქართველოს პოლიციის სპეციალურ ძალებს მსგავსი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვთ. რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, რატომ არ არის პოლიციელების აღჭურვილობა იდენტიფიცირებადი.
„პოლიციას მსგავსი მოთხოვნა, რომ ოპერაცია იქნება თუ სხვა მოქმედება, ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს“, – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ამბობს, რომ შსს-ს ინტერესია „ყველა დამნაშავე დაისაჯოს“.
https://gdb.rferl.org/c584fed5-3b26-4654-8207-0b586d9e8afa_cx19_cy19_cw80_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/33220855.html