განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით
დადგენილ ნორმებს“.
„მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყებისვე ცნობით, დაშავებულია შსს-ს 10 თანამშრომელი, რაც „აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგია“, – ამბობენ შსს-ში.
„ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა“, – წერია განცხადებაში.
29-30 ნოემბერს ღამით საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე ჰყვებიან. ვრცელდება მონათხრობის ამსახველი კადრებიც.
29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტები დაშავდნენ.
პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან.
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ. სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.
30 ნოემბერს გამთენიისას, 06:15 საათისთვის, „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლებმა დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს. პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პროტესტის პირველ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ 43 ადამიანი დააკავეს.