ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე “ქართული ოცნების” უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა საგანგებო რეჟიმში ჩანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა დღეს საღამოს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, 2028 წლის ბოლომდე, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
„ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი, დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს… ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ…
დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით, სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად…
ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.