საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
„საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში”, – აცხადებს პროკურატურა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მიმართვის, ისე საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ფაქტების შესწავლის მიზნით.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
“აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.
გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა. ამასთან, ცესკო-მ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია “განსაკუთრებული თავდასხმისა და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა”.
“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო”.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ – 53,931%;
- “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
- “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
- “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
- “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
26 ოქტომბრის არჩევნებს მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა დასავლეთის სახელმწიფოებისგან. შვედეთმა უკვე მიიღო საქართველოსთან ოფიციალური თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება.