შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მახლობლად, ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი – კარი გამოაღეს, სპრეი ავტომობილში შეასხეს, შემდეგ კი ერტ-ერთი პირი გამოათრიეს და რამდენიმე მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი წაიყვანეს – იგი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
ძალის გამოყენებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი.
პოლიციის ამ თანამშრომლებს ზურგჩანთები აქვთ ზურგზე მოკიდებული, შავებში არიან გამოწყობილები და ნიღბები და ჩაფხუტები უკეთიათ.
ავტომობილის სანომრე ნიშნებია WR 007 NG. ეს ავტომობილი 2024 წლის 31 მარტისთვის იძებნება ავტომობილების გაქირავების ერთ-ერთი სერვისის ინსტრაგრამ გვერდზე.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავტომობილი „მარიოტთან“ რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩიდან, – ქვედა, თაბუკაშვილის ქუჩიდან მივიდა, – გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილას იყო გაჩერებული, შემდეგ კი, გია ჭანტურიას ქუჩაზე, – „მარიოტის“ გვერდით, – უკან ტრიალდებოდა, რა დროსაც შსს-ის თანამშრომლებმა იქიდან ადამიანები გამოათრიეს.