კობახიძის განცხადების შემდეგ, სპონტანური საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება. თბილისში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი”; “2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
სანამ ამ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე საათით ადრე ირაკლი კობახიძეს და მის წარდგენილ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციას არ ცნობს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა და ევროპარლამენტი, რომელმაც 28 ნოემბერს სპეციალური რეზოლუცია მიიღო.
ამ რეზოლუციის საპასუხოდ გააკეთა ირაკლი კობახიძემ განცხადება, რომლის სკანდალური შინაარსის შეფუთვა ერის სიამაყეზე, ღირსებაზე და “ორ ფეხზე დგომის სურვილზე” საუბრით სცადა. მან ასევე დაამატა, რომ “ოცნება” ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წელს გეგმავს და ტექნიკურ მოლაპარაკებებს 1,5-2 წელიც ეყოფა.
კობახიძეს სამთავრობო პროგრამის- „2025 – 2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ წარდგენისას საპარლამენტო ტრიბუნიდან ევროინტეგრაციის შეჩერებაზე არ ულაპარაკია, მაგრამ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობების წინაპირობებს.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას “საკონსტიტუციო გადატრიალება” უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა, 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, მანამდე კი ის უცხოელ ელჩებს ხვდებოდა.
“დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
- “იფიქრეთ თქვენც, რუსეთს გინდათ, ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთია” – მიმართა პრეზიდენტმა მიმართა საქართველოს ელჩებს საზღვარგარეთის ქვეყნებში;
- “ნამდვილ პოლიციას” მოუწოდა – დაიცვას მოქალაქეები და “არა მონები, არა რუსები, არა მოღალატეები”.
- პრეზიდენტმა მიმართა ჯარსაც, რომელსაც “ყველაზე მეტად გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს რომლიდანაც ჩვენ ძლივძლივობით გამოვედით”.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს უფრო აქტიური და გადაუდებელი ქმედებებისკენ მოუწოდა, რომ “ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები”. მოგვიანებით ის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა.
“ხდება ზუსტად ის, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია, ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად, ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველმა პარტია ანგრევს საქართველოს მომავალს, ევროპის შუაგულში”, – დაწერა სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა.
მანამდე, “ოცნების” წარმომადგენლები, 28 ნოემბერს, მწვავედ დაუპირისპირდნენ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ხოლო ირაკლი ზარქუამ ელჩის საქართველოდან გაწვევის ინიციატივა წამოაყენა.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “საქართველო დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს”, “საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხოლო “არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით”.
მღელვარებას, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის გზის 4 წლით დაპაუზებას მოჰყვა, X-ზე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდბერგისი.
“საქართველოს ხალხო, თქვენ ქართველები ხართ და მაშასადამე ევროპელები ხართ. ვერავინ წაგართმევთ ამას თქვენ. სავალი გზა გრძელი და ძნელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, თქვენ არასოდეს დანებდებით და ამიტომ, არც ჩვენ დავნებდებით”, – აცხადებს ლანდსბერგისი.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია” და ეს არ არის ევროპული მომავალი. მინისტრმა ამის შესახებ X-ზე დაწერა.
“ნიღბები საბოლოოდ ჩამოხსნილია”, – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საღამოს გამოქვეყნებულ პოსტში.
„12 წლის მანძილზე ივანიშვილი და “ქართული ოცნება” კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მისწრაფებების იგნორირებით”, – ევროპარლამენტარი იქვე სვამს შეკითხვას – “რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?”
პაპუაშვილის შემზადება
“ქართული ოცნების” მიერ დღის ბოლოს გაცხადებულ განზრახვას – ევროინტეგრაციის 4-წლით შეჩერების შესახებ, წინ უსწრებდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები პროსახელისუფლებო “რუსთავი 2”-ის ეთერში. მან თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის, რადგან მოუწევს დათმოს:
- სუვერენიტეტის ნაწილი;
- ეკონომიკური თავისუფლება;
- თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები – ჩინეთთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან;
- უვიზო მიმოსვლის გაუქმება სხვადასხვა ქვეყანასთან;
- ღვინის სექტორი.
“ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას დეზინტეგრაცია, მათ შორის… იმიტომ რომ ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არა აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, საქართველოში იმას ვერ შემოვუშვებთ ჩვენ… დღეს რომ გავწევრიანდეთ [ევროკავშირში] ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა”, – ემოციურად უხსნიდა პაპუაშვილი 27 ნოემბერს გადაცემის წამყვანს; ამ განცხადებებს ევროკავშირის ექსპერტებმა მანიპულაციური უწოდეს, ბევრმა ევროკავშირზე უარის თქმის მკაფიო გადაწყვეტილება დაინახა და მიიჩნია ნიადაგის შემზადებად 28 ნოემბერს კობახიძის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული “სიურპრიზისთვის”.
“ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი”
“არ მინდა ასეთი ევროპა“, “ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის” – ამ სიტყვების ავტორი, მიხეილ ყაველაშვილი, 27 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.
ოცნების ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური განაყოფის – “ხალხის ძალის” გაპრეზიდენტების გეგმას რუსეთში დაუფარავი კმაყოფილებით შეხვდნენ, ხოლო დასავლეთში აღიქვეს კიდევ ერთ ნიშნად, რომ – “საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს”.
28 ნოემბერს – “ქართული ოცნების” ხელისუფლება, სიმამაცისა და ხასიათისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი” რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც შეაქო. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი არ ერევა და დასავლეთი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.
28 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, პარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირთან დაკავშირებით თქვა, რომ ამოცანად რჩება – “2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება”, “ეს იქნება რთული გზა” მზად არიან მხოლოდ ყველა იმ პირობის გათვალისწინებისთვის, რომლებიც “არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” და “ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ის, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას”.
კობახიძემ, თავის გამოსვლაში, “ოცნების” “სლოგანის” მიხედვით ევროკავშირს მთელი რიგი პირობები წაუყენა:
- “ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს ის, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ”.
- “მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, ტრადიციული ფასეულობები. ამიტომ აქაც, ევროკავშირს აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან”.
- “უნდა გვაჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია”.
კობახიძეს ტრიბუნიდან არ უთქვამს, რომ ხელისუფლება აპირებს ევროინტეგრაციის შეჩერებას.
“თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის”, – ეს უკვე მაკა ბოჭორიშვილის სიტყვებია ერთპარტიული პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, ვიდრე მას სადავო პარლამენტი, სხვებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაამტკიცებდა.
ასევე მისი სიტყვებია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წარმატებისთვის – “საბოლოო შედეგის მიღწევას ჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან”, “დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი” და რომ “პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება”.
ბოჭორიშვილმა ილაპარაკა კონსტიტუციის 78-ე მუხლზეც – რომლის შესაბამისადაც, მისი თქმით, საქართველო “განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას” და “შესაბამისად პრიორიტეტი იქნება ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობები”. მაგრამ ეს იყო 27 ნოემბერს.
28 ნოემბერს კი, ქუჩაში გამოსულმა აღელვებულმა ხალხმა სწორედ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევად და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საბოლოო უარის თქმად შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება – ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით.
https://gdb.rferl.org/c7e78bf6-19d1-4944-94ac-2a9e6f14821b_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%B0%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1/33219589.html