მარიამ ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
ჯანელიძის თქმით, არხის დატოვებას ის და ბექა პატურაშვილი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, — თქვა ჯანელიძემ და ჩვენს კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოლაპარაკებების დაწყების გადავადებაზე, მან უპასუხა:
“კი, კი, რა თქმა უნდა… იქიდან გამომდინარე რაც ქუჩაში ხდება. ჩვენს კოლეგებზე თავდასხმისა და მიმდინარე ამბების გამო”. ჯანელიძის თქმით, მათსა და “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას შორის არხის დატოვებასთან დაკავშირებით “ადეკვატური კომუნიკაცია შედგა”.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი ის მიზეზი, რომელსაც ჯანელიძე ასახელებს. შუბლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არხის დატოვების შესახებ საუბარი მას აქამდეც არაერთხელ ჰქონია ორივე თანამშრომელთან:
“თვითონ თუ თქვეს, რომ აქციას უკავშირდება არ ვიცი, მაგრამ მანამდეც გვქონდა დიდი ხანი საუბარი და ბოლოს ასე გადაწყვიტეს. კონკრეტული წინადადება არ თქმულა. მე მათი შეხედულებები ვიცოდი მანამდეც და მანამდეც გვქონდა ეს საუბრები, მერე რატომღაც გადაწყდა რომ დარჩებოდნენ”, – გვითხრა შუბლაძემ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტელეკომპანია დატოვა კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა, თუმცა ამას არ ადასტურებს ნინო შუბლაძე.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც მათი შეფასებით არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება უარი თქვას ევროინტეგრაციაზე.
პოლიციამ აქციის დაშლა რამდენიმე საათის წინ დაიწყო და სპეც.საშუალებები გამოიყენა.
ამის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე ღამის სამი საათისთვის ათასობით ადამიანი რჩება. პოლიცია პერიოდულად კვლავ იყენებს წყლის ჭავლს მათ წინააღმდეგ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია მათ ცხელ ხაზზე. ადვოკატები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია დაარბია და მონაწილეები დააკავა.
შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.